საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი სუპერლიგაში დაბრუნდა და კარიერას თსუ-ში გააგრძელებს. მან ბოლო 3 წელი საზღვარგარეთ, ყატარის ჩემპიონატში გაატარა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა და მისთვის ძალზე კარგად ნაცნობი გუნდის რიგებში ჩაირიცხა.
ბერიშვილის კარიერა 2004 წელს სწორედ თსუ-ში დაიწყო, მას შემდეგ კი მან არაერთი გუნდი გამოიცვალა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
“ბოლო წლები უცხოეთში გავატარე და ახლაც მქონდა შემოთავაზებები როგორც საზღვარგარეთიდან, ისე ქართული კლუბებიდან, მაგრამ თსუ-ში თამაში გადავწყვიტე. ამის რამდენიმე მიზეზი მქონდა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თსუ-თან მე საკუთარი ისტორია მაკავშირებს. კარიერა უნივერსიტეტის გუნდში დავიწყე, თსუ-ში მოვიგე ჩემი პირველი ტიტული დიდ გუნდებში – საქართველოს თასი. თსუ-ში ვთამაშობდი 2010-2011 წლების სეზონშიც და ამ კლუბთან მხოლოდ დადებითი ემოცია მაკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ თსუ-ში გიორგი ცინცაძე თამაშობს. მასთან მე არაერთ გუნდში, ასევე ეროვნულ ნაკრებში ვყოფილვარ და ახლო მომავალშიც, ნაკრებში კვლავ ერთად მოგვიწევს თამაში.
კარგი იქნება, რომ ერთ გუნდში ვართ და ერთმანეთთან მოედანზე კიდევ უფრო კარგად შეთამაშებული ვიქნებით. ამასთან, თსუ-შია ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნიკა დარბაიძე და ეს ფაქტორი სამივე ჩვენგანისთვის სასარგებლოა. ბოლო წლები კატარში გავატარე, სადაც ტიტულები კი მოვიგე, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, გარკვეულ თამაშებზე ვერ შევძელი ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ნოემბერში და შემდეგ თებერვალში ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშები ელის და საქართველოს სუპერლიგაში ყოფნით ზემოთნახსენები პრობლემები არ შემექმნება”, – თქვა მიხეილ ბერიშვილმა.
მიხეილ ბერიშვილმა ბოლო 3 სეზონი ყატარის “ალ-შამალში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ყატარის ჩემპიონიც ზედიზედ ორჯერ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings