in

წაგება ბოლო წამებზე: თსუ-მ თამაში მოატრიალა და ბოლოს 1 ქულით წააგო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფიბა ევროპის თასზე მე-4 მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 85:86 დამარცხდა. თსუ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და რომ მოეგო, გმირობის ტოლფას საქმეს გააკეთებდა, თუმცა ბოლო წამებზე გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელს გაუმართლა. გიოტინგენის უკანახაზელმა, დეონდრე ბარნსმა საფინალო სირენამდე 3.7 წამით ადრე რთული მდგომარეობიდან ჩაგდებული ბურთით სტუმრები დააწინაურა და გერმანულ გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს გახლდათ გიოტინგენის მე-4 გამარჯვება ჯგუფში და გერმანულმა კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი ფაქტობრივად გაინაღდა.

საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი ისევ ტოლ-სწორად ებრძოლა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ქვეყნის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს. ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში გერმანიაში გამართული შეხვედრა გიოტინგენმა არანაკლებ დრამატულ ბროლაში, ბოლო წამებზე მოიგო. ამ გუნდმა 2 კვირის წინ იტალიაში “ვარეზეს” 12 ქულით სძლია და ზოგადად, გიოტინგენი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელმაც თბილისში ბეწვის ხიდზე გაიარა.

თსუ მესამე პერიოდში 17 ქულით აგებდა და განწირული ჩანდა, თუმცა კარიერის საუკეთესო მატჩი, უფრო სწორად, მეორე ტაიმი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა. გერმანელთა მწვრთნელს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რომ ჰკითხეს, რა მოხდა, მეორე ტაიმში რა დაგემართათ, 17 ქულა რომ გაანიავეთო, ოლივიე ფუკარტმა უპასუხა, რატი ანდრონიკაშვილი დაგვემართაო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი მართლაც რომ შეუჩერებელი იყო. ბოლო პერიოდში, რომლის დაწყებისას თსუ 10 ქულით აგებდა, მან 19 ქულა ჩააგდო. გერმანელებმა ანდრონიკაშვილის შეტევებისგან თავი ვერ დაიცვეს და როცა ბოლო წუთი დაიწყო, გიორგი ტურძილაძის საფირმო სროლით თსუ-მ პირველ პერიოდში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა – 85:84. საფინალო სირენამდე 20 წამი იყო, ბარნსმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში მიიღო, ატარა, ატარა და ბოლოს შეუტია. ძალიან მაღალი ტრაექტორიით ნასროლ ბურთს ვერც ერთი თსუ-ელი ვერ შესწვდა, რომელიც ფარის ფაფიდან ასხლეტითა და რკალის დახმარებით კალათში ჩაეშვა. ანდრონიკაშვილი სასწაულთა ახლოს იყო, თუმცა ბარე 20 მეტრიდან მისი ნასროლი ბურთი კალათის რკალს მოხვდა და გერმანელებმა შვებით ამოისუნთქეს.

ანდრონიკაშვილმა შეხვედრა 31 ქულით, 6 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. 17 ქულა და 6 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ალექსანდრე ფევაძემ თავი 10 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა.

ფიბა ევროპის თასზე თსუ-ს ჯგუფში 2 მატჩი დარჩა – 15 ნოემბერს ლიმასოლში კერავნოსთან და 22 ნოემბერს თბილისში იტალიურ ვარეზესთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მაინც ყველას ჯობდა: ნაპოლიმ აუტსაიდერთან ვერ მოიგო

ველოდებით 27-ს: ფიბამ ოლიმპიადის წილისყრის დღე თქვა