ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველომ ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა, მეტოქეს ქულები დააკარგვინა და ამით ის ჯგუფში ჩატოვა. ნიდერლანდებს მართლაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ (სხვა მეტოქეებსაც) და მათი გასვლაც უთუოდ დამსახურებული იქნებოდა. სხვათა შორის, ეს რამაზ სვანაძემაც აღნიშნა, ნიდერლანდები ჩვენს ჯგუფში ალბათ ყველაზე კარგი გუნდიაო.
ისე, ნიდერლანდებს რომ მოეგო ჩვენთვის, ორივე გავიდოდით ჯგუფიდან – ნიდერლანდები 5 ქულით და პირველი ადგილით, ჩვენ 4 ქულით და მე-2 ადგილით. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა და ახლა ნიდერლანდელებს მხოლოდ დანანება თუ შეუძლიათ.
ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებს ემშვიდობება მთავარი მწვრთნელი ერვინ ვან დე ლოოი, რომელმაც ამ გუნდში 5 წელიწადი იმუშავა, მაგრამ საქართველოში მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, რის გამოც ბუნებრივია გულდაწყვეტილი და იმედგაცრულებულია:
„თამაში კარგად დავიწყეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით. კიდევ რა უნდა გაკეთდეს ამ მეტოქის წინააღმდეგ გოლის გასატანად?
ეს მატჩი არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რაც პორტუგალიასთან დაგვემართა…
ჩვენ თავად ვერ გავიტანეთ, ცუდი დაცვის გამო კი ძალიან იოლად გავუშვით. თუმცა რა უნდა ვთქვათ, როდესაც სამ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ.
ასეთი დაბალი შედეგიანობა ევროპის ჩემპიონატზე საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს არის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი წარუმატებლად გამოსვლის მთავარი მიზეზი.
მატჩის მიწურულს დრო საქართველოს სასარგებლოდ თამაშობდა. ჩვენი ამოცანა უფრო რთულდებოდა. დაცვაში კარგად თამაშობდნენ და შემდეგ უფრო რთული გახდა მათ კართან შეღწევა.
ვიბრძოდით და ბოლომდე ვცდილობდით თამაშის გადარჩენას, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამწუხაროა, რადგან აქ ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით“.
GIPHY App Key not set. Please check settings