საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უახლოეს მატჩებს ივნისში გამართავს – ჩვენი გუნდი 17-ში კვიპროსს ესტუმრება, ხოლო 20-ში – შოტლანდიას.
შესაძლოა, ამ მატჩებს “ჯვაროსნები” საყრდენი ნახევარმცველის რგოლში გაძლიერებულები შეხვდნენ. RB Sport-ის ინფორმაციით, მოსკოვის “ლოკომოტივის” 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების ბოლო ეტაპზეა.
“ის რუსეთის ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო, მაგრამ არასოდეს გამოუძახიათ. ამიტომ, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს უპრობლემოდ შეძლებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პასპორტის აღების პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამიტომ რეალურია, რომ მარადიშვილმა მალევე ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, რომლის სამწვრთნელო შტაბში მისი იმედი აქვთ და გამოძახებას უკვე ივნისში დაგეგმილი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გეგმავენ”, – ვკითხულობთ წერილში.
მარადიშვილი 23 წლისაა. მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, კარიერა რუსეთში აიწყო. ბავშვობიდან მოსკოვის ცსკა-ს საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, თამაშობდა რუსეთის 20 (5 მატჩი) და 21-წლამდელთა ნაკრებებში (6 მატჩი).
მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა “ლოკომოტივის” 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. აქვს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება, იყო რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. მის კლასზე ეს ფაქტიც მეტყველებს – 2021 წელს, მოსკოვის “ლოკომოტივმა” ცსკა-დან მისი ტრანსფერი 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვალერი კარპინმა რუსეთის მთავარი საფეხბურთო გუნდის გაფართოებულ სიაში რამდენჯერმე დაასახელა. მაგრამ არ უთამაშია და ამიტომ, აქვს უფლება, სპორტული მოქალაქეობა შეიცვალოს. წარმომავლობაც ხელს უწყობს – მამამისი, კობა მარადიშვილი, გურჯაანელია და 90-იან წლებში საქართველოს ჩემპიონატში “თეთრი არწივის” სახელითაც თამაშობდა.
მნიშვნელოვანია, რომ მარადიშვილი თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რაც “ჯვაროსნებში” ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რგოლად ითვლება მას მერე, რაც სანაკრებო ასპარეზიდან წავიდა ჯაბა კანკავა.
სხვათა შორის, ასაკიდან გამომდინარე, მარადიშვილს მოახლოებულ ევრო 2023-ზე (რომელიც ივნის-ივლისში საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება) თამაშის უფლებაც აქვს.
მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს რომ აპირებდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი. მან ივარაუდა, რომ საბა საზონოვის შემდეგ, საქართველოს სასარგებლოდ არჩევანს მარადიშვილიც გააკეთებდა…
“მოსკოვის “დინამოს” მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშის ვარიანტს რომ განიხილავდა, მე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს. რაც საზონოვმა გააკეთა, აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო და ამის უფლება ჰქონდა.
რუსეთისაზე კი უარი თქვა. ლოდინს აზრი არ აქვს. რუსეთისთვის ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი 95%-ით არ ჩატარდება. ყირგიზეთთანაც პრობლემაა… ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს. ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით, საქართველოს შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავს. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილია”, – დაწერა ანდრონოვმა.
მართალია, რუსეთში გაზრდილი მარადიშვილის მამა ამბავს უარყოფდა, მაგრამ ოჯახის პოზიცია გასაგები უნდა იყოს – ნათქვამის მიღმა სიფრთხილე ჩანდა. სხვათა შორის, ვაკო გვილია, სანამ უკრაინის ნაცვლად, საქართველოს სახელით თამაშს გადაწყვეტდა, დუბილს ამჯობინებდა.
მსგავსი ამბები ხმაურიანი განცხადებებით არ კეთდება, ასეთი საკითხები ჩუმად წყდება, რათა მოთამაშეს საკლუბო საქმეები არ აერიოს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings