ესპანეთის ლა ლიგაში მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა.”ხეტაფესთან” ნათამაშები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ხოსე ბორდალასმა მეორე ტურის მატჩშიც 20 წლის ქართველი მეკარე ამჯობინა ტრავმამოშუშებულ იასპერ სილესენს და “გრანადასთანაც” მამარდაშვილი იყო ძირითადში.
ამჯერად, გიორგის კარის მშრალად შენახვა არ გამოუვიდა, მაგრამ მთელი მატჩი დამაჯერებელი იყო. უხეში შეცდომა არ დაუშვია და ერთი “მკვდარი ბურთის” მოგერიებაც მოახერხა.
მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. “გრანადა” ლუის სუარესმა დააწინაურმა. ამ მომენტში მამარდაშვილი კარის ხაზიდან ზედმეტად წინ იყო გამოსული, მაგრამ ამ გაშვებულ გოლში ქართველის ბრალეულობა ძალიან მცირეა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე “ვალენსიას” მცველებმა ძალიან უყურადღებოდ ითამაშეს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ “ღამურებს” დაცვაში პრობლემები აქვთ.
მეორე ნახევარში ბორდალასის გუნდი მეტს აქტიურობდა, მაგრამ “გრანადას” სწრაფი შეტევებიც ძალიან სახიფათო იყო. 61-ე წუთზე მამარდაშვილმა ახლო მანძილიდან მეტოქის თავური დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
“ვალენსია” მარცხს კარლოს სოლერმა გადაარჩინა. მატჩის 87-ე წუთზე მან 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა-1:1
GIPHY App Key not set. Please check settings