ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “კადიზს” უმასპინძლა და უგოლოდ 0:0 დაშორდა. 21 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მორიგი მშრალი შეხვედრა ჩაატარა. ყველა ტურნირის და ნაკრებში ნათამაშები მატჩის ჩათვლით კი, გიორგი მამარდაშვილს 6 მატჩია საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია. ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში კი, ახალგაზრდა ქართველი მეკარე 477 წუთია ბურთს არ უშვებს.
მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და დიდად თვალსასასეირო არ ყოფილა. პირველ ნახევარში თუ ვინმეს შეეძლო გატანა ეს “კადიზი” იყო, მაგრამ ორივე მომენტში “ღამურები” მეკარემ იხსნა. მამარდაშვილმა ორივე დარტყმული ალვარო ნეგრედოს აუღო. პირველი დარტყმა განსაკუთრებულ ხიფათს არ წარმოადგენდა. მეორე ეპიზოდში კი, გიორგიმ ახლო მანძილიდან ნეგრედოს თავური საოცარ ნახტომში მოიგერია.
მეორე ტაიმში მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა და საბოლოოდ მატჩიც გატანილი გოლების გარეშე ფრედ დასრულდა.
ეს გიორგისთვის ლა ლიგაში ჩატარებულ მე-13 შეხვედრაში მეშვიდე, საერთოდ “ვალენსიას” შემადგენლობაში კი, მე-15 მატჩში მერვე მშრალი შეხვედრაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილი დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (king of the match) დასახელდა.
30 ტურის შემდეგ, “ვალენსიას” 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings