პოზნანში “ლეხი” კი არა, მეხი დაგვეცა: ბათუმის „დინამო“ პოლონეთის ჩემპიონთან ისედაც არ მიიჩნეოდა ფავორიტად, მაგრამ ჩვენი გუნდის შემადგენლობის, პოტენციალის გათვალისწინებით და თუნდაც მეტოქის ბოლო დროინდელი არც თუ დამაჯერებელი თამაშის გადამკიდე, იმის იმედი და მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, რომ ღირსეულ თამაშს და შედეგს მივიღებდით. სამწუხარიდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა და ახლა განმეორებითი მატჩი კი არის წინ, მაგრამ ვაღიაროთ, სულ რომ საუკეთესო თამაში ჩაატაროს „დინამომ“, ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელია.
საშინელი გამოვიდა თამაშის პირველი ნაწილი, უკვე ნახევარ საათში დიდი ანგარიშით ვაგებდით. თამაშს გუნდი აგებს და ცალკეული რგოლებსა თუ ფეხბურთელებზე გადაბრალება არ იქნება გამართლებული, მაგრამ დაცვის თამაში მართლაც ვერ იყო მთელი შეხვედრა მოწოდების სიმაღლეზე. ბევრი შეცდომა დაგროვდა, პოზიციურიც, ინდივიდუალურიც და მონდომებულმა მეტოქემ ეს შანსები მშვენივრად გამოიყენა. ისე ალბათ მეკარესაც შეეძლო თუნდაც ერთ ეპიზოდში გუნდის გადარჩენა.
რა მოხდა ამაზე ალბათ უფრო სამწვრთნელო შტაბი ისაუბრებს, მაგრამ შესაძლოა „სლოვანთან“ ძალიან დასანანმა და უიღბლო წაგებამ იმოქმედა ფეხბურთელებზე და ვეღარ განეწყვნენ სათანადოდ.
შანსი, უფრო მეორე ტაიმში ჩვენებსაც მიეცათ, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი დიდად ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ვაწაძემ საერთოდ მაგარი შანსი გაანიავა. მოკლედ, არც წინ გამოვიდა ხეირიანად საქმე, ისე, რომ საპასუხო მატჩისთვის იმედი დაეტოვებინა… სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც, რომ „ლეხსაც“ შეეძლო მეტის გატანა.
ბუნებრივია ჯერ უნდა დაველოდოთ განმეორებით შეხვედრას (28 ივლისი) და მერე შევაჯამოთ, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფორმაციის ბათუმის „დინამომ“ მეტს ვერ მიაღწია. არადა, შეიძლებოდა…
კონფერენს ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
21 ივლისი. პოზნანი.
ლეხი – დინამო ბათუმი 5:0
სკორაში, 10. ამარალი, 24. სკორაში, 33. ამარალი, 66. იშაკი, 90+3.
ლეხი: რუდკო, დუგლასი, შატკა (ჟერვინსკი, 67), პერეირა, რებოჩო (კოზუბალი, 89), სკორაში, კარლსტრიომი, კვეკვესკირი (სოუზა, 80), ველდე (წიტაიშვილი, 67), ამარალი (ჟიმჩკი, 89), იშაკი
დინამო: კუპატაძე, ჩაბრაძე (ზარია, 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი (ფალავანდიშვილი, 71), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი, 46), დავითაშვილი (ფანცულაია, 79), ფლამარიონი (ვაწაძე, 46)
GIPHY App Key not set. Please check settings