in ,

ყოჩაღი საბურთალო! რუმინელები პირში ჩალაგამოვლებული დარჩნენ

რაოდენ სასიხარულოა ასეთ დროს წერა. უყურებ შენი ქვეყნის წარმომადგენელს და იმედი, რომელიც ბოლო პერიოდში ნაკრებმა გააჩინა კიდევ უფრო გაღვივდა. რატომ? – მიზეზი ის არის, რომ უწვერულმა ბავშვებმა 33 მილიონად შეფასებული „სტიაუა“ დაჯაბნეს. დიახ, ყოველგვარი უტრირებისა და „რა მაგრები ვართ ქართველები“- მოტივის გარეშე. ეს, კარგი იყო!

ინდივიდუალურად დაშლა და კონკრეტულ პერსონებზე ხოტბის შესხმა კარგი არ არის, მაგრამ ის, რაც გიორგი გოჩოლეიშვილმა 90 წუთის მანძილზე გვიჩვენა, ერთი სიამოვნება იყო. გააწამა, გააწამაო ხშირად გაიგონებთ და ბუქარესტელთა მარცხენა ფლანგი დღეს იავარქმნილს კი ჰგავდა. 21 წლის არის გიორგი გოჩოლეიშვილი და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ დაცვაშიც ჩინებულად ირჯება. ნუ, შეტევაზე აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ვინც მატჩი გამოტოვა, ბევრი დაკარგა.

მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი თორნიკე მეგრელიშვილის შესრულებით. მავანი იტყვის, ასაღები აიღოო და მართალიც იქნება, თუმცა 22 წლის მეკარეზე ვსაუბრობთ და პირველ ტაიმში, მეტოქის დარტყმულს იმხელა ამპლიტუდაზე გაშლილი ხელი დაუხვედრა, ბევრ გამოცდილ და გაცილებით მაღალი კლასის მეკარეს შეშურდებოდა.

ვიხილეთ კარგი გაგებით, თავხედური მატჩი, რადგან „საბურთალოს“ ფეხბურთელებს დასაკარგი არაფერი აქვთ. „პარტიზანის“ ძლევა უკვე გმირობაა, თან მწვრთნელი ლამის ევროთასების დაწყებისას დაინიშნა და პლუს ფინანსური პრობლემები…

გოლი ვიხილეთ არაქართული. დიახ, ნატიფი, თითო შეხებაში გათამაშებული კომბინაცია, რომლის ავანგარდშიც ლევან ნონიკაშვილი მოექცა, 23 მეტრიდან გაისროლა და რუმინელთა მეკარე დაამწუხრა.

აღარაფერს ვიტყვი განიავებულ მომენტებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ 18-19 წლის ბიჭებისაგან დაკომპლექტებულ გუნდზე ვსაუბრობთ, თუმცა ირაკლი სიხარულიძის მსგავს გამოცდილ ფორვარდს 7 მომენტიდან ერთის გამოყენება კი მართებს (ინგამაც კი ისროლა შვიდჯერ…) ეს ხუმრობით, ისე კი მონდომებასა და გარჯას ვერავის დავუკარგავთ! ყოჩაღ გუნდს და ყოჩაღ ლაშა ნოზაძეს, რომელმაც „პარტიზანთან“ მატჩის დაწყებისას ჩაიბარა გუნდი!

მოკლედ, 1:0, რომელიც თავისუფლად შეიძლება მეტი ყოფილიყო. ისე არ გაიგოთ, რომ „სტიაუა“ უსაქმოდ იყო. არა, მომენტები მათაც ჰქონდათ, მეგრელიშვილის სეივები პლუს ერთი ძელი.

საპასუხო მატჩი ერთი კვირის თავზე, რომელსაც დედაქალაქური გუნდი ამაღლებული განწყობით ხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეხი კი არა, მეხი დაგვეცა: ბათუმი ევროპიდან ვარდება

სადიო მანე საუკეთესო აფრიკელია