in

ლევან მაისაშვილი: როტაციას მომდევნო მატჩებშიც მივმართავთ

რამდენად კმაყოფილია პორტუგალიასთან ნაჩვენები თამაშით, რა სტრატეგია აქვს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ და რა შეცდომების გამოსწორებას ეცდება გუნდი მომდევნო მატჩში – რადიო „ფორტუნას“ შეკითხვებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი პასუხობს.

ბატონო ლევან, პირველ რიგში, გილოცავთ პორტუგალიასთან გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ 5 ქულა მოვიპოვეთ, ეს მატჩი დამაჯერებლად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია და ზოგადად, ბოლო ორი მატჩია ისე ვერ ვთამაშობთ, როგორც გვჩვევია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შერკინება, რაც ყოველთვის ჩვენს გამორჩეულად ძლიერ მხარედ მიიჩნეოდა. რაში ხედავთ პრობლემის მიზეზს და გამოსავალს, როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები ესპანეთთან მატჩში?

დიდი მადლობა მოწვევისათვის. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დამაჯერებლები არ ვიყავით. ანგარიში ნამდვილად დამაჯერებელი იყო. პორტუგალიასთან 5 ლელო დავდეთ და საპასუხოდ მხოლოდ ერთი მივიღეთ. რაც შეეხება შერკინებას, გუნდში სელექციის პროცესი მიმდინარეობს, რუსეთთან მატჩის შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ძიების პროცესი გრძელდება. საბოლოო ჯამში დიდი დომინაცია გვქონდა შერკინებაში, 5-დან 4 ლელო სწორედ შერკინებიდან და მოლიდან დავდეთ და ჩემი აზრით საფუძველს მოკლებულია აზრი, რომ ამ მხრივ პრობლემა გვაქვს. რასაკვირველია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვინდა ყველაფრის გაუმჯობესება და ამ მხრივ მუშაობას ვაგრძელებთ.

ცუდი დასაწყისის კარგი დასასრული: საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

ესპანეთთან დაპირისპირება 14 მარტს გველის. ესპანეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერია პორტუგალიასთან შედარებით, თუ გეგმავთ შემადგენლობაში ან ტაქტიკაში ცვლილებებს?

შეკრებაზე ჩვენ 32 მოთამაშე გვყავს. ეს 32 მოთამაშე ევროპის თასის განმავლობაში მუდმივად შეიცვლება, კვლავაც ჩავატარებთ ექსპერიმენტებს სასელექციო კუთხით. ბუნებრივია ამას ტრავმებიც ახლავს, აღარ ვლაპარაკობ იმ მოთამაშეებზე, ვინც რეაბილიტაციას გადის. შესაბამისად, როტაციაც გაგრძელდება და ცვლილებებიც იქნება. გუნდის შენების პროცესსა და სელექციას შორის ბალანსის პოვნაა საჭირო. ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ უნდა ხდებოდეს. ახალი მოთამაშეების შემოდინებამ საერთო პროცესი არ უნდა დააზიანოს, მით უმეტეს, რომ ბევრი შეხვედრის განებივრებული არ ვართ და აქედან გამომდინარე დროშიც შეზღუდული ვართ.

რაკი ტრავმირებული მოთამაშეები ვახსენეთ, საინტერესოა, როგორ მიდის მზადების პროცესი და რა დანაკლისებით შევხვდებით შეხვედრას? თუ დაგვაკლდებიან ისეთი მოთამაშეები, ვინც სასელექციო პროცესის მიუხედავად, როგორც წესი, მაინც არის ხოლმე გუნდის რიგებში?

ამ ეტაპზე შემიძლია დავადასტურო, რომ ტრავმის გამო გუნდს საღინაძე გამოაკლდება. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, თუ რა სიმძიმისაა მისი ტრავმა და შესაბამისად არც ისაა ცნობილი, როდის შეძლებს იგი თამაშს. თუმცა ესპანეთთან შეხვედრას რომ გამოტოვებს, ამის დადასტურება შემიძლია. საბედნიეროდ სხვა არავინ გამოგვაკლდება.

რას გვეტყვით მეტოქე ნაკრებზე, რამდენად კარგად მომზადებული ხვდება ესპანეთი ბორჯღალოსნებთან შეხვედრას? თუ ელით რაიმე სიურპრიზს ესპანელების მხრიდან ან თუ გეგმავთ ექსპერიმენტს ტაქტიკის კუთხით?

როგორც წესი, სიურპრიზებს ჩვენ უფრო ვუკეთებთ ხოლმე საკუთარ თავს, ვიდრე ამას მეტოქეები ახერხებენ. პორტუგალიასთანაც არასწორი მართვის და საჰაერო ორთაბრძოლების გამო ჩვენ თვითონ ჩავიგდეთ თავი ცუდ მდგომარეობაში მატჩის საწყის ეტაპზე. ჩვენ უნდა ვმართოთ და ვაკონტროლოთ თამაში, ესაა მნიშვნელოვანი. ესპანეთის გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი თავს კარგად, აგრესიულად იცავენ და დაცვის ხაზზე სწრაფად ამოდიან. შერკინებაში და მოლში საკმაოდ კარგად არიან მომზადებული, შერკინებიდან და მოლიდან შარშან ორი ლელო მივიღეთ მათგან და ამ კუთხით სათანადოდ მოვემზადეთ. გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთს რამდენიმე ძალიან კარგი ხაზის მოთამაშეც ჰყავს კარგი გუნდებიდან. ესეც საყურადღებო მომენტია, თუმცა ჩვენთვის ცნობილი და შესაბამისად, ამისთვისაც მოვემზადეთ. მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში კარგად ვართ მომზადებული ესპანეთთან მატჩისათვის და შევძლებთ, რომ შეხვედრამ ჩვენი დომინაციის ფონზე ჩაიაროს და საბოლოოდ ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდესაც შენი შვილი მთელ ქვეყანას ახარებს, მშობლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა: ნოდარ ბასილაშვილი

დერბების ტური და მოსაგები თამაშები – 27-ე ტურის წინ