ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ჩვენც გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებდა. შესაბამისი ვიდეოკადრებიც გამოჩნდა.
მჭედლიძის შემდეგ ანანიძეც: ბათუმის დინამო ნაკრების ფეხბურთელებით ძლიერდება
თუმცა, დღეს ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ანანიძეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანო “დინამოში” ფორმის აღსადგენად ვარჯიშობს და გუნდში ამ დრომდე არ ჩარიცხულა.
“ჯანო ანანიძეს ტრავმის გამო, დიდი დრო გაუცდა და ჩვენ ვეხმარებით ფორმა აღიდგინოს. სავარჯიშო პროცესს ბათუმის “დინამოსთან” ერთად ატარებს, მაგრამ ოფიციალურად ჩვენს კლუბში ამ დრომდე არ ჩარიცხულა”, – ამბობს ლადო დვალიშვილი.
ჯანო ანანიძის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის “როტორი” იყო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი ისე დატოვა, ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა არ უთამაშია. ისე კი, მოგეხსენებათ, ჯანომ მთელი კარიერა მოსკოვის “სპარტაკს” შეალია.
შეგახსენებთ, ბათუმის “დინამოში” უკვე ოფიციალურად ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების ექსფორვარდი ლევან მჭედლიძე. აქვე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს. გოგიტა გოგუა ბოლნისის “სიონის” მაისურს მოირგებს.
GIPHY App Key not set. Please check settings