ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მწვრთნელი ოფიციალურად გახდა.
54 წლის კონტემ გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 2027 წლის 30 ივნისამდე.
კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში 8-დან 9 მილიონ ევრომდე (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.
“ნაპოლი” მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. ბედნიერი და აღელვებული ვარ, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდი. მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “ნაპოლიმ” უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს”, – განაცხადა კონტემ.
“ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდა. ის ტოპ-სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, დავიწყებთ განახლებას, რომელიც ახალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თავი იქნება “ნაპოლის” ისტორიაში”, – თქვა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
„ნაპოლი“ მიესალმება ანტონიო კონტეს, რომელიც შეასრულებს მთავარი მწვრთნელის როლს და ხელს აწერს კონტრაქტს, რომელიც კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე დააკავშირებს“, – წერია „ნაპოლის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, კონტე ბოლოს “ტოტენჰემს” წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.
მანამდე კი ის იყო “არეცოს”, “ბარის”, “ატალანტას”, “სიენას”, “იუვენტუსის”, “ჩელსის”, “ინტერისა” და “ტოტენჰემის” მწვრთნელი, 2014-16 წლებში კი იტალიის ნაკრებში მუშაობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings