დღეს იტალიაში დიდი მატჩია: „მილანი“ ჯერაც მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და ინტერესი ამ შეხვედრისადმი დიდია, მით უმეტეს, ჩვენთვის – როგორ ითამაშებს კვარაცხელია ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და გააგრძელებს თუ არა უფრო წონად მოწინააღმდეგესთანაც წინა კვირის მსგავსად მაგარ თამაშს.
ბოლო დროს „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირების ჭრილშიც განიხილავენ. მართალია წინა ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს, წელს საუკეთესო პერიოდი არ აქვთ, მაგრამ თუნდაც ეს შეხვედრა კიდევ ერთი მშვენიერი შანსია ერთხელაც დაამტკიცონ საკუთარი ამბიციები.
სერია A-ს 20 მატჩში კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე პასია, ლეაოს კი პირიქით აქვს – 3 გოლი და 6 საგოლე პასი.
„მილანს“ ჩემპიონატში 8 მატჩია არ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე) და 49 ქულით მე-3 ადგილზეა. „ნაპოლი“ კი 35 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
მილანელებს საკადრო პრობლემები აქვთ. ლაზარეთში რჩებიან მატია კალდარა, პიერ კალულუ, ტომასო პობეგა, მალიკ ტიაუ და ფიკაიო ტომორი, დისკვალიფიკაციის გამო ასევე დააკლდებათ რეინდერსი.
„ნაპოლის“ ტრავმის გამო მეკარე მერეტი ისევ არ ეყოლება. ვიქტორ ოსიმენს კი აფრიკის თასის ფინალი აქვს დღეს საღამოს. დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება მარიო რუი.
Sky Sport და Calciomercato ვარაუდობენ, რომ „ნაპოლი“ სამცველიან სისტემას დაუბრუნდება, 3-5-1-1 ტაქტიკით იასპარეზებს და ქართველს მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავთ.
ამათი ინფორმაციით „ნაპოლის“ ძირითადი ასეთი იქნება: გოლინი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, მაცოკი, კვარაცხელია, სიმეონე.
Corriere dello Sport აღნიშნავს, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაძარი მეტოქეს სიურპრიზს უმზადებს, გუნდს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს, სადაც განსაკუთრებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიენიჭება. კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს და დაცვასაც დაეხმარება. აღნიშნულია, რომ სტუმართა რიგებში უპირატესად სწრაფ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებიც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ და უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ მისცემენ.
TuttoSport წერს, „მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის რა გეგმა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას გასანეიტრალებლად.
„პიოლი გეგმავს ხვიჩას კვლავ ერთგვარი გალია მოუწყოს და მოიმწყვდიოს. კალაბრიას მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამას მარტო არ აკეთებდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღეს ბენასერის როლი. ის დაცვას და კალაბრიას უნდა დაეხმაროს და ორივემ ერთად შეძლონ კვარაცხელიას განეიტრალება“.
ეს გუნდები სერია A-ში აქამდე 151-ჯერ შეხვდნენ: მილანს 55 მოგება აქვს, 50 ფრე და 46 წაგება.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ნეაპოლში ფრედ, 2:2 დასრულდა.
„მილანი“ ბოლო ოთხი მატჩია „ნაპოლისთან“ არ აგებს.
„მილანმა“ სერია A-ს ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან 8 მოიგო.
„ნაპოლი“ ჩემპიონატში „მილანთან“ სტუმრად ბოლო 8 მატჩია არ აგებს.
კვარაცხელია „მილანს“ ყველაზე მეტჯერ შეხვდა, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია (5 მატჩი, 1 მოპოვებული და გაფუჭებული პენალტი).
შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის. ის გასულ სეზონში „იუვენტუსის“ დიდი ანგარიშის დამარცხებისას (5:1) მთავარი მსაჯი იყო, სადაც კვარამაც გაიბრწყინა.
„მილანისა“ და „ნაპოლის“ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings