ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაბრუნდა. კვარაცხელიას “რუბინი” საკუთარ მოედანზე ეკატერინბურგის “ურალს” დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა. ხვიჩამ საგოლე პასი მიითვალა.
20 წლის ქართველმა ტალანტმა მატჩის მე-2 წუთზე მარცხენა ფლანგზე მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ანდერს დრეიერს გაატანინა. მე-13 წუთზე კი ხვიჩამ ფლანგზე ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, რომელსაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ავტოგოლი მოყვა. მე-18 წუთზე კვარაცხელიამ შესანიშნავი მომენტი შექმნა, მარცხნიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ “ურალის” მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, დამატებაზე კი “რუბინელმა” ბურთი ძელს გაარტყა.
მე-2 ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო და ის 63-ე წუთზე გამოცვალეს. ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგაში 15 აგვისტოს მერე პირველად ითამაშა. მის გარეშე “რუბინმა” ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. “ჩემპიონატმა” ხვიჩას 7.5 ქულა დაუწერა, როგორც რამდენიმე რუბინელს, უფრო მაღალი ქულა მხოლოდ დრეიერმა მიიღო – 9.0.
აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის 77-ე წუთზე “ურალის” რიგებში მოედანზე ლუკა გაგნიძე გამოჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings