in

კვარაცხელიას ნაპოლის თამაშზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც რონალდოს ჰქონდა ინტერზე

„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ ​ინტერვიუ მისცა calciomercato-ს და იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თამაშზე ახდენს. მორატი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მოახლოებულ დაპირისპირებასა და ლუჩანო სპალეტის მუშაობასაც შეეხო.

სერია A-ს ლიდერი „ნაპოლი“ სიმონე ინძაგის გუნდს ოთხშაბათს, 4 იანვარს დაუპირისპირდება და სეზონის მეორე ნახევარს უმნიშვნელოვანესი მატჩით დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება, ხოლო „ინტერს“ ამ შეხვედრაში მოგება საჩემპიონო რბოლაში დააბრუნებს.

მორატიმ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა: „ეს მატჩი „ინტერისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „ნაპოლისთვის“. კარგი დასაწყისი დიდი სტიმული გახდება. „ნაპოლიზე“ ახლა მუდმივი წნეხია, გუნდს ყველა თამაშის მოგებას სთხოვენ. უნდა ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ლუჩანო სპალეტის გუნდი ისეთსავე აგრესიულ ფეხბურთს ზამთრის პაუზის შემდეგ, როგორც ამას საშემოდგომო ეტაპზე აკეთებდა. ოთხშაბათს მარცხის შემთხვევაში „ინტერი“ წელს ჩემპიონობას დაემშვიდობება“.

მორატიმ კვარაცხელიაზეც ისაუბრა და ის „ინტერის“ ყოფილ ვარსკვლავს, ბრაზილიელ რონალდოს შეადარა: „ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან, მაგრამ გუნდის თამაშზე ორივე თითქმის ერთნაირ გავლენას ახდენს. რონალდო იტალიაში ჩამოსვლისას უკვე ცნობილი და ჩამოყალიბებული ვარსკვლავი იყო. ქართველს ისეთსავე კარიერას ვუსურვებ, როგორიც ბრაზილიელს ჰქონდა. ის თავისი ნიჭითა და თამაშით „ნაპოლის“ წარმატებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“.

მილანელთა ყოფილმა პრეზიდენტმა ლუჩანო სპალეტიც შეაქო: „სპალეტიმ აჩვენა, რომ განსაკუთრებული ნიჭი აქვს და ამას შედეგით ამტკიცებს. „ნაპოლიმ“, ლიდერების წასვლის მიუხედავად, მცირე დანახარჯით, შემადგენლობა კარგად დააკომპლექტა“.

მან მილანელები „ნაპოლის“ ორ მთავარ საფრთხეზე გააფრთხილა: „მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, კვარაცხელია და ოსიმენი არიან. ამ ორ ფეხბურთელს ყველაზე მეტად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

საერთოდ, ჩემპიონატში „ნაპოლის“ გამარჯვება იტალიურ ფეხბურთს წაადგება, რადგან ტრანსფერებისა და ბიუჯეტის თვალსაზრისით, გუნდი ნორმალურ დონეზე დააბრუნეს. ეს სხვა გუნდებისთვისაც სტიმული იქნება“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

385 წუთში, 23 000 საათში, 550 ათასი დღეში – რონალდოს ხელფასი ცნობილია: ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ

რონალდო არაბეთში ჩავიდა და დღეს მეფესავით წარადგენენ… კრიშტიანო შეიძლება ნიუკასლში აღმოჩნდეს