in

კვარაშოუ ენფილდზეც ვნახეთ – ნაპოლი სეზონში პირველად დამარცხდა!

მსაჯის სასტვენი და წავედით. “ლივერპულს” “mission impossible” აქვს შესასრულებელი. 4 ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს გუნდი, რომელიც ამ სეზონში დაუმარცხებელია და სიტყვათა შეთანხმება “მეორე ნომრად” ანდაც “ფრთხილად” თამაში უცხო ხილია.

“ენფილდი” ტრადიციისამებრ, ჭარბი დეციბელებით და მუდამ ექსტაზში მყოფია. ფეხბურთელების ჯერ კიდევ გვირაბში ყოფნისას გარედან შემომავალი ხმა (ტელევიზორის ეკრანიდანაც) მკაფიოდ გვესმის: “we’ve conquered all of europe, we never gonna stop”, მაგრამ აქ ხომ მთავარი “YOU WILL NEVER WALK ALONE”-არის. ჰოდა, გვირაბს დავუბრუნდეთ, წითელ კუთხეში 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალში მყოფი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო და თან “ენფილდი” განსაკუთრებულად შემართულია.

გაბუქებას ნუ დაგვწამებთ, უბრალოდ, როდესაც გუნდს ასეთი ძნელბედობის ჟამი უდგას, სქაუზერებში სულ სხვა სული იღვიძებს, აი ისეთი, რომლის გამოისობითაც 3 წლისწინ, “ბარსელონა” კუდამოძუებული გააბრუნეს კატალონიაში.

ჰო, ისევ გვირაბში ვართ და კარგ კადრს ვხედავთ. გამოდიან “ლივერპულის” ფეხბურთელები გასახდელიდან, თავს ხრიან კართან და ლურჯი კუთხის წარმომადგენლებს მედიდურად უყურებენ. აქეთ ხომ გამოუცდელი და უწვერული ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია. უცბად, ვან დაიკის ღრიალი: “COME ON BOYS” და უმალ ხვდები, რომ პოპკორნი საკმარისი რაოდენობით არ გაქვს მომარაგებული.

მე-2 წუთია და კვარაცხელიამ ტრენტის ცხოვრების გართულებას მიჰყო ხელი. უმარტივესი ფეხებს შორის გაძვრენა და კარგი პლაცდარმი მარცხნიდან. ასეთი მომენტები მრავლად იყო და განსაკუთრებით, როდესაც ტრენტი იცავდა თავს. ასე მარტივად, ასე ლაზათიანად და ჰაეროვნად, მთელი მატჩის მანძილზე გაბითურებული ტრენტი? – ეს სულ სხვა ხიბლია.

ქართველი გულშემატკივრის პერსპექტივიდან, ობიექტივი მუდამ კვარაზეა. ბურთით თუ მის გარეშე, ჰოდა, “ნაპოლის” ბრწყინვალე შემადგენლობას საკადრისი ხოტბა უნდა შევასხათ. ნახევარდაცვაში ნეაპოლიტანელები დომინირებდნენ. შესანიშნავები იყვნენ: ზამბო, ლობოტკა და ტანგი ნდომბელე. თან საპირისპირო მხარეს ტიაგო და ფაბინიო იყვნენ…

კიმი? – ეს ბიჭი, 3 წლისწინანდელ ვან დაიკს მოგაგონებს. იდეალურთან მიახლოებული პოზიციონირება, კარგი პასი და მაღალი სათამაშო ინტელექტი…

ვარი, ვარი და ისევ ვარი: მეორე ტაიმში კვარამ საჯარიმო ისე ჩააწოდა, როგორც ამ საქმის ჭეშმარიტი ოსტატი, ტრენტი იზამდა, ბურთი ოსტიგორის თავს პოულობს და… 0:1, მაგრამ ავტომატური თამაშგარის ხაზი გვეუბნება, რომ კვარაცხელიას აქტივში ისევ 2 გოლი და 3 ასისტი იქნება.

ხვიჩას გუშინდელი მონაგარი კი ასეთია:

12 პასი მეტოქის მესამედში

6 შეხება მეტოქის საჯარიმოში

5 დარტყმის მცდელობა

4 მოგებული დუელი

1 შექმნილი საგოლე შანსი

1 ზუსტი დარტყმა

XG (მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი) 0.2. XG-ს არსის გასააზრებლად სტატიის ფორმატი არ გვეყოფა. ტრივიალურად, მსგავს სიტუაციაში, სხვა ფეხბურთელები რომ ურტყამდნენ რეალიზების როგორი პროცენტი ჰქონდათ… კარგი ახსნა არ არის, მაგრამ დაახლოებით ასეა.

შემდეგ კვარა გადის და ისე არ გვინდა გამოვიდეს, რომ მის გასვლას რაიმე სახის კოლაფსი მოჰყვა, თუმცა ფაქტია ბოლო წუთებზე გუნდმა 2 ბურთი მიიღო და 0:2 დამარცხდა.

ბოლო წუთებზე, გამოცდილებამ ყველაფერი გადაძალა. მონაგრებული კუთხური, ნუნიესის კარგი დარტყმა, მერეტის დროული რეაგირება, თუმცა… მო სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე მე-7 გოლით გამოირჩა და ბომბარდირიცაა.

შემდეგ კი იყო ვან დაიკის თავური და ნუნიესის დამატება. “ენფილდმა” საქმე გააკეთა, დაუმარცხებელი “ნაპოლი” დაამარცხა და ხასიათზე მოვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

LIVERPOOL ECHO: მოიყვანეთ კვარაცხელია ნაპოლიში!

ყოფილი იტალიელი მსაჯი: კვარაცხელიაზე პენალტი უნდა დანიშნულიყო