in ,

ირაკლი სიხარულიძე: სასიამოვნოა, როცა ჩემპიონატში ამდენი გოლი გიგროვდება

საქართველოში საფეხბურთო სეზონი გახურდა და Crystalbet ეროვნულ ლიგაში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩიც ვნახეთ. მატჩების დაძაბულობასა და გუნდების ფორმას თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გველის.

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “საბურთალოა” და მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სიხარულიძე სეზონის სტარტზე ბრწყინვალე ფორმაშია, სიხარულიძის ანგარიშზე ამ დროისთვის 6 გოლია და ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით ჩამორჩება ჯოვინო ფლამარიონს.

საქართველოს ჩემპიონატში ირაკლი სიხარულიძე მე-18 ფეხბურთელია, რომელსაც 100-ზე მეტი ბურთი აქვს გატანილი. საქართველოს ჩემპიონატში მის ანგარიშზე 114 გოლია. 14 გოლი აქვს გატანილი საქართველოს თასზე და 2 ევროტურნირებზე.

“საბურთალოს” კი, 8 ტურის შემდეგ, 12 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

Sport4me.ge ირაკლი სიხარულიძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ირაკლი, მიმდინარე სეზონით დავიწყოთ. “საბურთალო” საკმაოდ ამბიციური გუნდია, კარგ თამაშსაც აჩვენებთ. როგორ ფიქრობ, ამ სეზონში რა იქნება გუნდის მაქსიმუმი?

კი, ვფიქრობ, რომ წელს ძალიან კარგი გუნდი გვყავს და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს მაღალ პოზიციაზე დავასრულებთ ჩემპიონატს.

გარდა ჩემპიონატისა, “საბურთალომ” ევროსარბიელზეც უნდა ითამაშოს. ევროტურნირებზე გუნდის შანსებზე რას იტყვი?

იმედიანად ვართ განწყობილი და ვეცდებით მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ ამ თამაშებს.

სეზონის სტარტზე საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ და 6 გოლი გაქვს გატანილი. ანუ კარგად შეეწყვე გუნდს და ალბათ ლევან კორღალიძესთან რომ გქონდა ადრე ნამუშევარი, ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებებლი ფაქტორი?..

ლევან კორღალიძესთან “ლოკომოტივშიც” მომიწია ყოფნა და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია გუნდთან შეწყობის, პირიქით, ძალიან იოლად შევეწყვე გუნდს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო.

114 გოლი გაქვს ეროვნულ ლიგაში გატანილი. თუ იფიქრებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირებში 100-იან ნიშნულს გადააჭარბებდი და ზურაბ იონანიძის (216 გოლი ეროვნულ ლიგაში) რეკორდზეც ხომ არ გაიწევ?

წინასწარ ამას რა თქმაუნდა ვერ ვიფიქრებდი, თუმცა ძალიან სასიამოვნოა როდესაც ამდენი გოლი გიგროვდება გატანილი.

საქართველოს ჩემპიონატში ნამდვილად გამორჩეული თავდამსხმელი ხარ. როგორ ფიქრობ, ასეთ კარგ ფორმაში მყოფს ვილი სანიოლი მოგცემს ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალებას?

ამ თემაზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე ხომ არ ფიქრობ და სეზონის წინ ან ახლა თუ გაქვს უცხოური კლუბების ვარიანტები?

ახლა მთლიანად “საბურთალოზე” ვარ გადართული და ვეცდები წარმატებას მივაღწიოთ წლევანდელ სეზონში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქული მედია: საბა ლობჟანიძე ფენეჰერბაჩეს სურს

ანდრია ბითაძის გადამწყვეტი გოლი: დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე იადრანი დაამარცხა