in

იმედგაცრუებულები და მოტყუებულები ვართ: ბალტიისპირილები ჩვენ მოვიწვიეთ, მაგრამ არ ვუმასპინძლეთ?

საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ არეულობები და სკანდალები არ წყდება. გუშინ, ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვის 7-კაცა ნაკრები საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით იყო ჩამოსული და მათ “ბორჯღალოსნების” 7-კაცა ნაკრებთან ტესტმატჩები უნდა გაემართათ, თუმცა მათ აეროპორტში არავინ დახვდათ და უთხრეს, რომ ნაკრების მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათთან მატჩი ვერ შედგებოდა. ლიეტუვის ნაკრებმა ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრების ნაცვლად, სარაგბო კლუბების: “ლოკომოტივის”, “იუნკერებისა” და “აკადემიას” გუნდებთან ერთად ითამაშეს.

ამ თემის გასარკვევად ჩვენ ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეს-სამსახურს დავუკავშირდით და მათგან პასუხიც მივიღეთ.

“ლიეტუვის 7-კაცა ნაკრები თბილისში საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვიდა. ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს რაგბის კავშირის წარმომადგენელი აწერს, წერია, რომ ლიეტუვის 7-კაცა ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრები უნდა გაემართა და საქართველოს რაგბის კავშირი მათ სასტუმროში დაბინავებასაც დაპირდა. მაგრამ თბილისში ჩამოსულებს რადიკალურად განსხვავებული სურათი დაგვხვდა. აეროპორტშიც არავინ დაგვხვდა და ნაკრების ნაცვლად, ქართულ კლუბებს ვეთამაშეთ, რომლებმაც ჩვენთან თამაშების გამართვა საკუთარი ინიციატივით მოინდომეს. თავს მოტყუებულებად და შეურაცხყოფილებად ვგრძნობთ”, – მოგვწერეს ლიეტუვის რაგბის კავშირიდან.

გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და ქართული სარაგბო ოჯახის გამიზნულ დისკრედიტაციას უწოდებს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ალავიძე.

“ეს არის ტყუილი და ქართული სარაგბო ოჯახის დისკრედიტაცია. ლიეტუველებს ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ, რომ საქართველოში სურდათ ჩამოსვლა და ჩვენს ნაკრებთან თამაში. როდესაც ჩამოვიდნენ, ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია და ვუთხარით, რომ ჩვენი 7-კაცა ნაკრების მოთამაშეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათ შევთავაზებდით ალტერნატიულ ვარიანტს და ასევე შევთავაზეთ მარტყოფის სარაგბო ბაზაზე დაბინავება”, – ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ჩვენ კომენტარისთვის რაგბის კავშირის მეორე ვიცე-პრეზიდენტ ლაშა (ბაჩო) ხურციძესაც დავუკავშირდით, რომელიც ჩვენი მისამართით აგრესიით გამოირჩა.

“თქვენ არ იცით რისი ბრალია ეს ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ქართულ რაგბიში ხდება? ვის სურს სარაგბო ოჯახში არეულობის შემოტანა? ლიეტუველმა მხარემ ვერ დააფასა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქართული მხარის გარჯა. მათ ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართიათ, რომ საქართველოში ჩამოდიოდნენ, მაგრამ რისი შესაძლებლობაც გვქონდა, მოვახერხეთ”, – გვითხრა ლაშა ხურციძემ.

საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ მათ ლიეტუველთათვის არ მიუმართავთ და პირიქით ლიეტუვას მხარემ გამოხატა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, თუმცა ჩვენ მოგვაწოდეს ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს რაგბის კავშირი იწვევს ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს და მათ სასტუმროთი უზრუნველყოფასაც პირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს სტატისტიკა რუმინეთთან: 0 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი

მოსწავლე წავიდა, მასწავლებელი მოვიდა: რეალს ისევ კარლო ანჩელოტი გაწვრთნის