in

ილიას ზუროსი: ფრენკამპს მაღალ კლასთან ერთად, ძლიერი მენტალობაც გააჩნია: საქართველო ესპანეთზე კარგია

საქართველოს კალათბურელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი სპორტის სასახლეში სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესარჩევი ციკლის მატჩები ე.წ. “ბაბლის” პრინციპით ერთ ქალაქში იმართება. ამჯერად არჩევანი თბილისზე შეჩერდა. E ჯგუფის 4-ვე გუნდი ერთ სასტუმროში იზოლირებულად იცხოვრებს და თამაშის გარდა მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ექნებათ.

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო გარანტირებული აქვს, ჯგუფს 4-დან 4 მოგებით ლიდერობს. ცოტა ხნის წინ FIBA-მ ევროპის ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ილიას ზუროსის გუნდი ევროპაში მეექვსეა. რეიტინგში პირველ ადგილს იტალია იკავებს. საქართველოს ნაკრები კი უსწრებს ისეთ გუნდებს, როგორებიც ესპანეთი და სერბეთი არიან.

ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ, არიან ახალი სახეები. “რუსთავის” კალათბურთელი გიორგი თვალაბეიშვილი და “ოლიმპის” კალათბურთელი კახაბერ ჯინჭარაძე პირველად გამოიძახეს.

“ჯვაროსნების” შემადგენლობაში არის ახალი ლეგიონერი. 25 წლის ესპანელი გამთამაშებელი კონერ მაიკლ ფრენკამპი საქართველოს ნაკრების მაისურს მოირგებს. ფრენკამპი ესპანეთის “მურსიაში” გამოდის და ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა 16 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნაა.

საქართველოს ნაკრების მოახლოვებულ მატჩებზე, დანაკლისსა და ახალწვეულებზე სასაუბროდ, დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“საკმაოდ რთული მატჩები გველის. სერბეთი და ფინეთი ორი ძალიან ძლიერი გუნდია, რომლებსაც ჯერაც არ აქვთ გადაწყვეტილი ევრობასკეტის საგზურის ბედი. ისინი თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლებენ და არაფერს დათმობენ. ამიტომაც მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ის, რომ ევრობასკეტი განაღდებული გვაქვს, არაფერს ნიშნავს. ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. ასევე, შევეცდებით ახალი კომბინაციები დავგეგმოთ.

გვყავს ახალი გამთამაშებელი კონერ ფრენკამპი. ლიგა ენდესაში ის გამორჩეული კალათბურთელია და დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს. გარდა იმისა, რომ კარგი მოთამაშეა, მას ძალიან ძლიერი ხასიათი და მენტალობა აქვს, რაც ნაკრებში თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიას გარეშე მოგვიწევს თამაში და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ თორნიკეს არყოფნაში ახალგაზრდა კალათბურთელებს მეტი დრო მიეცემათ და მათ თავი უნდა გამოიჩინონ”, – ამბობს ილიას ზუროსი.

საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს სერბეთს, 21 თებერვალს ფინეთს შეხვდება.

არავის არაფერს დავუთმობთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ: როგორ ითამაშებს საქართველო – ექსკლუზიური კომენტარები

ილიას ზუროსმა სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის 16 კალათბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ აირჩია გიორგი ჯიქიამ რუსეთი და არა საქართველო

გურამ კაშია ასტანას მოუნდა