in ,

თქვენ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თამაშობთ!

სოფიას “არტიომ ლევსკის” სახელობის სტადიონმა საქართველოს ნაკრებს დიდი სირცხვილი არაერთხელ აჭამა და ჩვენი ნაკრების ორი მწვრთნელიც შეიწირა. გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი სწორედ ამ სტადიონზე განცდილი საშინელი მარცხების შემდეგ დაემშვიდობნენ პოსტს. ბევრი იწერება, რომ ვილი სანიოლიც მსგავსად უნდა მოიქცეს და ნაკრები დატოვოს, მაგრამ ეს უშველის საქმეს?

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში 31 მწვრთნელი ჰყოლია. მწვრთნელები მიდიან-მოდიან, იცვლებიან ფეხბურთელები, მაგრამ შედეგი მაინც იგივეა. როდესაც ამდენს მწვრთნელს გამოიცვლი და მაინც ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდები, ესე იგი მხოლოდ მწვრთნელი არ ყოფილა დამნაშავე და პრობლემა გაცილებით კომპლექსურია.

როდესაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ეხება საქმე, პირადად ჩემთვის ძალიან უხერხულია იმაზე საუბარი, რომ მოთამაშე ნაკრებში თამაშის დროს მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდის. ნაკრებში, შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის და შენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება უნდა იყოს. ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე (ლეონსიო) გავიხსენოთ, რომელსაც საფრანგეთში თავისი კლუბი მნიშვნელოვანი მატჩების წინ დატოვა, რომ საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ქართული სპორტის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ მისი “სისხლიანი” ლელო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. არასდროს დაგვავიწდება 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ. არასდროს დაგვავიწყდება და დღესაც ცრემლი მოგვდის მომენტზე, როდესაც 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, საქართველოში მძიმე წუთების ფონზე, ირაკლი ცირეკიძემ რუსი ივან პერშინი ტატამს გააკრა ბეჭებით და საქართველოს დროშისკენ მიუთითა. სპორტი პატარა სახელმწიფოსთვის ეროვნული თვითმყოფადობის და თავისი ბრძოლისუნარიანობის, ქვეყნის წარმოჩენის საშუალებაა და შენი ქვეყნისთვის თამაში, ჭიდაობა თუ ბატუტზე ხტომა განსაკუთრებულ მოტივაციას უნდა წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი ოჯახიდან უნდა მოდიოდეს. ოჯახში უნდა ისწავლოს სპორტსმენმა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და თუ რას ნიშნავს მისი ხალხის სახელით თამაში. სანამ ეს არ იქნება, მანამდე მუდმივად ამ წრეზე ვიტრიალებთ და ამ დროს რა ქნას სანიოლმა, ან ნებისმიერმა მწვრთნელმა?

ბიჭებო ეს წერილი არ მიიღოთ სალანძღავად, დიდი სიყვარული, რომ გვაქვს მთელ საქართველოს თქვენს მიმართ და ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც თქვენს გვერდით ვდგავართ ყოველთვის, ჩვენც გვსურს, რომ თქვენგან ბრძოლა და გამარჯვების მუხტი დავინახოთ.

თქვენ საქართველოსთვის თამაშობთ და ჩვენი ქვეყნის სახე ხართ!

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1 კმ – 100 კგ ბანანი: ესპანელმა ფეხბურთელებმა სირბილით 80 ათასი კგ ბანანი შეაგროვეს – ის პედრიმ დაარიგა

ფოტო: გინდათ შოკოლადი, არა, სულ ჩემია – შოკოლადის რონალდოს დედამისი არავის უთმობს