თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პრესკონფერეცია გაიმართა, რომელზეც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მედიის წარმომადგენლებს კლუბის ახალი სპორტული დირექტორი წარუდგინა. ამიერიდან, თბილისის “დინამოს” სპორტულ მიმართულებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს.
რეხვიაშვილმა საფეხბურთო კარიერა სწორედ “დინამოს” რიგებში დაიწყო. სხვადასხვა დროს უკრაინის, ლატვიის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში თამაშობდა. მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 21 შეხვედრაა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე რეხვიაშვილმა წარმატებით იმუშავა სხვადასხვა კლუბებში. იგი ბოლოს ბელარუსში, სოლიგორსკის “შახტიორის” სპორტული დირექტორი იყო და კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო.
ალექსანდრე რეხვიაშვილის განცხადებით, თბილისის “დინამო” არის ბრენდი და მან თავისი ადგილი უნდა დაუბრუნოს. მისი თქმით, “დინამო” აქცენტს აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურებაზე გააკეთებს, მაგრამ იქნება პროექტი, რომლის მიხედვითაც კლუბი ფეხბურთელს ეგრევე აღარ გაყიდის.
“მადლობელი “ვარ დინამო თბილისის და ამ კლუბის პრეზიდენტის, რომ გუნდის სპორტული მიმართულების მართვის საშუალება მომეცა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ დინამო თბილისში პირველად ზუსტად 30 წლის წინ ვითამაშე, ახალა კი აქ ვარ როგორც სპორტული დირექტორი და მაქვს შესაძლებლობა კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ამ პროექტის და მისი იდეის მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი იმ სტაბილური გარემოდან, რომელშიც ვიყავი. წლების მანძილზე ვიმუშავე ბელარუსში, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა ეს გამოცდილება დღეს დინამოს სასიკეთოდ გამოვიყენო, – ამბობს ალექსანდრე რეხვიაშვილი.
“დინამოს სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი დღეიდან ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება. გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული პროექტი ბელარუსში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობით და არაერთი ტიტულის მოპოვებით დასრულდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი დაინტერესდა ახალი პროქტით და მისი დონის მენეჯერის მოწვევა მოვახერხეთ. ის იმუშავებს აკადემიის მიმართულებითაც და იმ სისტემას, სადაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, კიდევ უფრო დაუახლოვებს მთავარი გუნდის ფილოსოფიას და ხედვას”, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.
GIPHY App Key not set. Please check settings