in ,

ვილი გვეღადავები? დედა რა იყო ეს?- ესპანელებმა გადაგვიარეს

“ვილი, კაიფობ დედას ვფიცავარ?”-უკაცრავად, ამ ქუჩური სლენგისთვის, მაგრამ ვილი სანიოლის მიერ დაყენებულ დღევანდელ შემადგენლობას მეტი ახსნა ვერ მოვუძებნე.. რეალობიდან გამომდინარე, რა შემადგენლობაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრები დღეს მოედანზე ესპანეთთან რაიმეს იმედი რთულია გვქონოდა, მაგრამ დღევანდელი სასტარტო 11-ეული უფრო სამოყვარულო ჩემპიონატის ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს გავდა, ვიდრე პროფესიონალურ ნაკრებს.

მოულოდნელი იყო კოსოვოს წინააღმდეგ ჩვენი გუნდის ყველაზე სუსტი მოთამაშის გრიგოლ ჩაბრაძის ისევ ძირითადში ხილვა. ძალიან უცნაური იყო ლუკა ლოჩოშვილის, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, საყრდენ ნახევარმცველად განმწესება და შემტევებად გიორგი ზარიასა და ვლადიმერ მამუჩაშვილის დაყენება. გასაგებია, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ვლადიმერ დვალიშვილი მუშაობს, მაგრამ კლუბის ინტერესებს ნაკრების ინტერესი არ უნდა გადააყოლო. იმედია, ეს ასე არ ყოფილა და სამომავლოდ არც იქნება.

გასაგებია, რომ ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ რომელი კარგი თამაშებით და მიგებებით განებივრებული ნაკრები ჩვენ გვყავს, ვინმესთან თამაში სათანადოდ არ შევაფასოთ და ექსპერიმენტები ვატაროთ? მითუმეტეს, სამი დღის წინ, კოსოვოსთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ.

ესპანეთის ნაკრებს კი, წინა ტურში შვედეთთან ჰქონდა წაგებული და დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ მოგება სწყუროდა. ლუის ენრიკემაც ბევრ ლიდერს მისცა დასვენების საშუალება და გადახილისებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, მაგრამ ამ გადახალისებული შემადგენლობითაც “ფურია როხამ” მაგრად გადაგვიარა, განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში.

ესპანეთს ბურთის ფლობაში კოლოსალური უპირატესობა რომ ექნებოდა ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები საწყისი წუთებიდანვე საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა, ბურთს ფეხში ვერ ვიჩერებდით, ორ-სამ პასს ვერ ვაბამდით და მოგერიებითაც ვერ ვიგერიებდით შეტევებს ხეირიანად. არადა, ესპანელები შეტევაში განსაკუთრებულს არაფერს ჰქმნიდნენ. ლუის ენრიკეს გუნდის ბურთის გორაობა და ფლანგური შეტევები, რომლის შემდეგაც ჩვენი განაპირა მცველები გურამ გიორბელიძე და გრიგოლ ჩაბრაძე უბრალოდ გააწამეს.

მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან გათამაშებული ბურთის შემდეგ, ქართველმა მცველებმა საშინლად ითამაშეს. ბურთი ხოსე გაიას მიუვიდა, რომლის დარტყმულიც გურამ კაშიას რიკოშეტის შემდეგ გიორგი ლორიას კარის ბადეში აღმოჩნდა. ზუსტად 10 წუთში კი, კარლოს სოლერმა აიღო ჩვენი გუნდის კარი. მეორე გოლის შემდეგ, ესპანეთი დიდად თავს არ იკლავდა და მინიმალური რესურსით ცდილობდა ჩვენი კარის აღებას. ესპანელებმა ისეთი შეტევები გაგვიკეთეს და ჩვენს საჯარიმოსთან ისეთი კომბინაციები აკეთეს, რომ ასეთ დონეზე მსგავსი რაღაცეები ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ფაქტია ჩვენს წინაააღმდეგ მოხდა. მატჩის 41-ე წუთზე კი, ჩვენი დაცვის მორიგი ძალიან უხეში, ბავშვური შეცდომა. გურამ კაშიამ ბურთი საჯარიმოდან საშინლად ამოიტანა. ესპანელებმა ფლანგზე კარგად გაშალეს და ამჯერად მარკოს ლორენტეს პასის შემდეგ, ფერან ტორესმაც გაგვიტანა. პირველ ტაიმში ესპანეთმა ერთიც გაიტანა, მაგრამ დაილოცოს ვიდეო რეფერის მომგონი. ესპანელებს თამაშგარის გამო გოლი გაუუქმეს.

მეორე ნახევარს მწვრთნელები იგებენო ნათქვამია, მაგრამ ვილი სანიოლს დღეს ეს არ გამოუვიდა… მეორე ნახევარში ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძე შემოუშვა მოედანზე. ძალიან უცნაურია, რატომ არჩია სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას დებიუტანტი გიორგი ზარია. მიქაუტაძემ თამაში ნამდვილად გაამწვავა და ერთი 100 %იანი საგოლე მომენტიც ჰქონდა. გიორგის დარტყმის შემდეგ, მასპინძლები ჯერ უნაი სიმონმა, შემდეგ კი ძელმა იხსნა.

მეორე ნახევარში ესპანეთი დადგა. საქართველო ისედაც იდგა… ქართველებმა რაღაც გაიფაფხურეს და დიდი ძალებითაც წავიდნენ წინ, მაგრამ ესპანეთმა კონტრშეტევის მასტერკლასი ჩაგვიტარა. ჩვენი მცველები საკუთარ საჯარიმოში პატარა ბავშვებივით გააბითურა და პაბლო სარაბიამ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. სარაბიამ მატჩის მიწურულს ერთიც გაიტანა, მაგრამ ისევ ვიდეო რეფერი მოგვევლინა მხსნელად.

საბოლოოდ, 4:0 ესპანეთის სასარგებლოდ. საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა, მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ. ამ შესარჩევსაც ხომ მომდევნო შესარევისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ.

მოკლედ, ეს იყო უიმედო, უსახური ფეხბურთი და უშანსო მარცხი!

რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!

ესპანეთი-საქართველო 4:0

1:0 გაია (14) 2:0 სოლერი (25) 3:0 ტორესი (41) 4:0 სარაბია (63)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

100 ახალი სარაგბო მოედანი 45 ლოკაციაზე

არის რეკორდი: იტალია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დაუმარცხებელი გუნდი