თორნიკე შენგელიამ და მისმა ცსკა-მ ევროლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა. თურქულ “ანადოლუ ეფესთან” დამარცხების შემდეგ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ცსკა “ოლიმპია მილანოს” დაუპირისპირდა და 73:83 წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და ძალიან მაგარი თამაშიც ჩაატარა. 28:07 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 11-დან 6 ორქულიანი 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის საუკეთესო მომენტიც შენგელიას ეკუთვნოდა: მან ფარქვეშ კაილ ჰაინსის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და ეფექტური სლემი შეასრულა.
ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი “ეფესის” ტრიუმფით დასრულდა. ერგინ ატამანის გუნდმა ფინალში “ბარსელონას” 5 ქულით, 86:81 სძლია. ჯერ კიდევ “რეალის” გაგდების შემდეგ, “ეფესი” გათამაშების მთავარ ფავორიტად უნდა მიგვეჩნია. თურქულმა გუნდმა ევროლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings