კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ნიქოზიის “აპოელ”-მა საკუთარ მოედანზე “ახნასს” უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თორნიკე ოქრიაშვილმა წვლილი ულამაზესი გოლით შეიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. მან მახვილი კუთხიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და ფანტასტიკური გოლი შეაგდო, რომელიც “აპოელ”-ის მაისურით მისთვის სადებიუტოა (5 მატჩში). სხვათა შორის, პოზიცია თითქმის ნულოვანი კუთხიდან იყო და ბევრი საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, მაგრამ ოქრიმ არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ბადეში გაახვია.
ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი ნიქოზიელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. დაუშვილი 48-ე წუთზე, ქვილითაია კი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თორნიკე მოედანზე თავიდან ბოლომდე იყო. აღსანიშნავია, რომ ბუბას შეცვლა იძულებითი იყო, მან ტრავმა მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია დაზიანების ხარისხი.
მე-2 ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მასპინძლებმა საბოლოოდ 2:1 მოიგეს. “აპოელ”-მა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე აღზევდა.
GIPHY App Key not set. Please check settings