ყოჩაღ „ნაპოლი“! კვარაცხელიას გუნდს მორიგი სერიოზული გამოცდა ელოდა. ნეაპოლელები სტუმრად მეორეადგილოსან და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან ჩავიდნენ სათამაშოდ და მოუგეს – 2:1.
„ნაპოლიმ“ მოახერხა და დაამარცხა „მილანი“, „ლაციო“, „რომა“ და ახლა „ატალანტაც“ და ეს ყველაფერი გააკეთა სტუმრად. ამდენი პრინციპული თამაშის მოგება შემთხვევითობა აღარ არის და „ნაპოლი“ უკვე თამამად შეიძლება მოვნათლოთ ჩემპიონობის მაძიებელ გუნდად.
როდესაც არ იყო ოსიმენი, გუნდი მაინც იგებდა, გუშინ არ ყოფილა კვარაცხელია და ამას ხელი არ შეუშლია. ყოფილა შემთხვევები შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს გადაუწყვიტავს ბედი (თუნდაც სიმეონე „მილანთან“), მოკლედ, გუნდი არის კარგად დაკომპლექტებული, შეკრული და თადარიგიც საკმარისზე კარგია.
ბერგამოში კი თამაში კარგად ვერ დაიწყო. VAR-მა ოსიმენზე ხელი დააფიქსირა და მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ (მე-19 წთ). თუმცა მალევე ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა. 23-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა. 35-ე წუთზე კი მანვე კვარაცხელიას შემცვლელ ელმასს პასი მიაწოდა და ჩრდილოეთ მაკედონიელმა სტუმრები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში, მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. სამხრეთელები მყარად იდგნენ უკან და თამაშის რიტმსაც განსაზღვრავდნენ.
„ნაპოლის“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და ლიდერობა გაიმყარა. „ატალანტასთან“ სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა, თუმცა მეორეზე გადასულ „მილანს“ 6 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრა „ნაპოლის“ უკვე სამშაბათს უწევს, შინ „ემპოლისთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings