in

ვიდეო: კვიპროსში გმირი ლორიაა, ფრანგი ქართველები თასიდან გავარდნენ – ლეგიონერები

კვიპროსის ჩემპიონატში, „ანორთოსისისა“ და ლიდერ ლარნაკას აეკ-ის მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი მოიგერია, პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრა კი 0:0 დასრულდა. ეს იყო „ანორთოსისისთვის“ პირველი მატჩი ახალი მწვრთნელის, ვესკო მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით.

ფამაგუსტელეთა რიგებში ორივე ქართველი, გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე (51-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყო.

ლორიამ გუნდი მე-17 წუთზე გადაარჩინა. ჯერ რთული ბურთი მოიგერია, რამდენიმე წუთში კი მარჯვენა დაბალ კუთხეში პენალტიც აიღო.

ლორია მატჩის MVP გახდა. როგორც ქართველმა თამაშის შემდეგ თქვა, ის პენალტის დროს, როგორც ყოველთვის, ინსტიქტს მიენდო და ამჯერზე გაუმართლა.

49-ე წუთზე ყურადღების ცენტრში ებრალიძე მოექცა. მასთან უხეშობის გამო თამაში გარკვეული პერიოდი შეწყდა კიდეც. ექიმების ჩარევის მიუხედავად, 30 წლის თავდამსხმელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ებრალიძე მიმდინარე სეზონში მეორედ დაშავდა და ორივეჯერ ლარნაკას აეკ-თან მატჩში. პირველ ჯერზე 1 ოქტომბერს და მხოლოდ 2 თვის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.

18 ტურის შემდეგ „ანორთოსისს“ 19 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

ამასობაში საფრანგეთში თასის მატჩები გაიმართა.
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ 1/32 ფინალში „რენს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა.

გიორგი მიქაუტაძემ თასზე „მეცის“ შემადგენლობაში თავისი ყოფილი კლუბის, „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშა, 1:2 დამარცხდა და გათამაშებას ისიც გამოეთიშა.
მიქაუტაძემ 61-ე წუთამდე ითამაშა, როდესაც მასპინძლები 1:0-ის იგებდნენ.

საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო „ჰატაისპორისა“ და „ანტალიასპორს“ შეხვედრაში – 0:0.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი 68-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძეს გატანა მე-15 წუთზე შეეძლო, როდესაც საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
„ჰატაისპორმა“ ბოლო 4 თამაშიდან 3 ფრედ ითამაშა და 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და ბითაძის მოკრძალებული სტატისტიკა

ნაპოლიმ მოიგო, ხვიჩა კარგი იყო