საქართველო ხვალ თბილისში კვიპროსის ნაკრებს ეთამაშება ევროპის შესარჩევში. კვიპროსი ერთადერთია გუნდია, რომელსაც საქართველო უსწრებს და რომელსაც სავარაუდოდ გაასწრებს კიდეც. გულშემატკივარს მეტის სურვილი კი აქვს, მაგრამ რეალობა ესაა – მხოლოდ კვიპროსს თუ ვაჯობებთ.
კვიპროსის მწვრთნელი მოგეხსენებათ ჩვენიანი კაცია, თემურ ქეცბაია, რომლის გუნდს შესარჩევში ჯერ ქულა არ აქვს და ხვალინდელი მატჩი ალბათ ერთადერთი შანსია მთლად უქულოდ არ დაასრულოს საკვალიფიკაციო ეტაპი. კუნძულზე ჩვენ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ ვაღიაროთ, გაგვიმართლა და ფრე შესაძლოა უფრო ლოგიკურიც ყოფილიყო.
ხვალ ფრეზე უარს კვიპროსი ალბათ არ იტყოდა, მაგრამ ჩვენ ნაღდად არ გვაწყობს.
იგივე მინდა ჩემი ფეხბურთელებისგან: ვილი სანიოლი კვიპროსთან რთულ მატჩს ელოდება
რას ფიქრობს და გეგმავს თემურ ქეცბაია:
„ტურნირის დაწყებამდე ვიცოდით, რა სირთულეების წინაშე ვიდექით. ეს გამოჩნდა კიდეც. 6 მატჩი ვითამაშეთ და ჯერ ქულა არ აგვიღია. ვეცდებით პირველი ქულები თბილისში მოვიპოვოთ.
საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. რთულ შეხვედრას ველი. თავდაჯერებულები ნაკლებად ვართ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, ქულა მაინც რომ მოვიპოვოთ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და შევეცდებით, შესაძლებლობები ამჯერადაც ბოლომდე გამოვავლინოთ.
რა სიურპრიზი უნდა მოვამზადოთ, არაფერი მოგვიგია. საქართველოს ნაკრებთან იყო მატჩი, სადაც ახლოს ვიყავით ქულასთან. იმედია, შედეგს ხვალ მივაღწევთ, თუმცა, ეს რთული იქნება.
საქართველოსთან თამაში თავიდანვე არ მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მთელი ჩემი ცხოვრება ამ გუნდს უკავშირდება, ჯერ ვთამაშობდი, მერე მწვრთნელი ვიყავი. ცხოვრების ნახევარი კვიპროსზე გავატარე და ეს ჩემთვის უცხო ქვეყანა ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ თამაში არ მსურდა.
ყველაფერს უიღლობას ვერ დავაბრალებ. ჩვენი ამოცანა იყო, იოლი მეტოქე არავისთვის ვყოფილიყავით, რაც ზოგჯერ მოვახერხეთ კიდეც. როცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ნორვეგიას უჭირს, ჩვენ რაღა ვთქვათ? ერთა ლიგაზე მეტი შანსი გვექნება. გიბრალტარს ვხვდებით და მათთან ნამდვილად უნდა მოვიგოთ.
კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ერთა ლიგიდან შეუძლია. სამწუხაროა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან რაც მოხდა. გულშემატკივრებთან ერთად მეტი შანსი იქნებოდა.
საწყენია, რომ საკუთარ არენაზე უფრო ნაკლები გულშემატკივარი გვყავს, ვიდრე მეტოქეს. რამდენიმე დღის წინ, ნორვეგიასთან, სტადიონი სავსე იყო, მაგრამ ერლინ ჰოლანდის სანახავად უფრო მოვიდნენ. იმედია ხვალ სტადიონი გაივსება, კარგი თამაში იქნება და ხალხი თამაშით კმაყოფილი დარჩება.
ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მუშაობა რომ შემომთავაზონ? ახლა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ და რთულია იმაზე საუბარი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ“.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება და უჩვულოდ ადრე, 17:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings