საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დასანანად გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა გუნდმა ¼ ფინალი პენალტების სერიაში დათმო ისრაელთან და ოთხეულში შესვლა და ოლიმპიადის საგზურის განაღდება ვერ მოახერხა. მატჩის შემდეგ იყო ცრემლები და დამწუხრებული სახეები. ეს ცხადია თავად ფეხბურთელებსაც ეხებათ და ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც.
ოცნება გადაიდო: ევროპა და ოლიმპიადა ხელის გაწვდენაზე დარჩა
რამაზ სვანაძე:
„მიმძიმს საუბარი, მაგრამ რაც მოხდა, ფეხბურთის ნაწილია. მიმაჩნია, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა თვალცრემლიანები არიან გასახდელში, მეტს იმსახურებდნენ. ესენი ქართული ფეხბურთის მომავალი არიან. მათი რწმენა და პროფესიონალიზმი იმედს მიტოვებს. მადლობა გადავუხადე ერთად განვლილი დღეებისთვის. ეს იყო დიდი ზეიმი, გამოწვევა, პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი.
ოცნებად გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზე თამაში, გვაქვს მცირე შანსი, თუმცა დამოკიდებულები ვართ სხვა შედეგებზე. იმედი მაქვს, მოგვეცემა ოცნების ახდენის შესაძლებლობა.
ღირსეული ფეხბურთი ვითამაშეთ. შეტევაში სითამამე დაგვაკლდა. იგრძნობოდა დაღლილობა. ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდათ ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს. მადლობა მთელ გუნდს თავდადებისთვის და სამწვრთნელო სტაფს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ეს ბოლო 5 წელი ერთი ოჯახი ვიყავით და ვმუშაობდით ჩვენი მიზნის მისაღწევად. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ თაობის და ამ ნაკრების იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.
მთავარი, რაც ამ ბიჭებმა შექმნეს, ეს არის რწმენა, რომელიც გაჩნდა გულშემატკივარში. ნახევარფინალში გასვლა ძალიან გვსურდა. მაგრამ საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს.
მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქვეყანას. წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით. მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს და მათ, ვინც ვერ ახერხებდა სტადიონზე მოსვლას. ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ დღეებში სწორედ ის იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ. ვეცდებით, მომავალშიც გავახაროთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრი ლამაზი წუთი გვქონდეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში“.
GIPHY App Key not set. Please check settings