in

ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი ვეჭიდავეთ: სიტუაცია რთულია – მთავარი ბრძოლები აწი იწყება

საშინაო ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 64:90. ესპანელები მესამე მეოთხედში გავიდნენ წინ და მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში დამაჯერებლად დომინირებდნენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ოვერტაიმში დამარცხდა, ესპანელებს კი ბულგარელები ჰყავდათ განადგურებული.

სავსე ტრიბუნებთან ერთად საქართველოს ნაკრებთან ერთად იყო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია.

წინა მატჩისგან განსხვავებით ილიას ზუროსმა შეცვალა სასტარტო ხუთეულიც. გამთამაშებლად რატი ანდრონიკაშვილი მოგვევლინა. ძირითადში ასევე იყვნენ გოგა ბითაძე, გიორგიშერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი და თედიუს მაკფადენი.

პირველი შეტევა გიორგი შერმადინმა გააფუჭა და შეხვედრაში ანგარიში ვილი ერნანგომესმა გახსნა. ვილის საშუალოს რატი ანდრონიკაშვილის 2 ქულა მოყვა. მალევე, გიორგი შერმადინმა და სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდეს საშუალოდ და თედიუს მაკფადენმა სამქულიანიც მიაყოლა. ამის შემდეგ, ესპანელებს 5:0 გაქცევა ჰქონდათ, რის შემდეგაც გიორგი შერმადინმა აიღო თამაში საკუთარ თავზე და ორქულიანი მოათავსა. შემდეგ ესპანელთა შეტევებიც მოვიგერიეთ და დუდა სანაძის სამქულიანითა და გიორგი შერმადინის 2-ქულიანით წინ გავედით. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლო წამზე, სირენასთან ერთად, ალბერტო დიასმა სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს პერიოდი მოაგებინა 16:18.

მეორე პერიოდიც ესპანელთა 2 ქულით დაიწყო, მაგრამ მალევე სანდრო გაფრინდა კალათისკენ და კიდევ ბრწყინვალე ჩატენვა შემოგვთავაზა. მალე, ბექა ბურჯანაძემაც გაივარჯიშა მაჯა და სამქულიანით საქართველოს ნაკრები გავიდა წინ. მეორე პერიოდში ისევ იჩინა თავი ჩვენი ნაკრების ტრადიციულმა პრობლემამ-მოკლე სკამი. სკამიდან შემოსულმა მოთამაშეებმა ნაკრების ლიდერები კარგად ვერ შესცვალეს და მეორე პერიოდის სტარტზე სკარიოლოს ბიჭებმა 6:0 გაქცევაა გაგვიკეთეს, რასაც ისევ “შერმინატორის” 2 ქულა მოყვა. ამის შემდეგ, პრადილამ სამიანი ჩაგვიგდო. ცოტა ხანში, რატი ანდრონიკაშვილმა ესპანელებს შეტევაში ბურთი მოპარა და კარგი შესვლით საქართველოს ნაკრების აქტივს 2 ქულა შემატა. მალევე, ამჯერად პატარა მინიგაქცევა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა. ისევ, რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე ქმედება და ლამაზი ჩატენვა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, პირველ ტაიმში საკმაოდ კარგები ვიყავით დაცვაში და ესპანელებს პერიმეტრზე ხშირად არ ვტოვებდით, თუმცა ფარზე ისევ წავაგეთ ბურთი და ესპანელებს ბევრჯერ მივეცით მეორე შანსი. საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე ილიას ზუროსის გუნდი 9 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 31:40 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებისგან ყველაზე მეტი ქულა (8) გიორგი შერმადინს, რატი ანდრონიკაშვილს ჰქონდა. ესპანელთაგან 10 ქულით საუკეთესო ვილი ერნანგომესი იყო.

მესამე პერიოდის ესპანელთა 6:0 გაქცევით დაიწყო, რასაც რატი ანდრონიკაშვილის სამიანი მოქყვა, მაგრამ ვილი ერნანგომესი ვერ შევაჩერეთ.

34:51-ზე ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო სანდრო მამუკელაშვილმა. რატის სამქულიანს მალე დუდას სამიანიც მოყვა. მალე, ისევ რატის ორიანი და მაკფადენმა გამოუვალ სიტუაციაში შეძლო ჯარიმის აკიდება. თადმა ერთი საჯარიმო ჩააგდო. დაცვაში კარგი თამაში და ისევ მაკფადენის აკიდებული ჯარიმები – 45:54. თუმცა, ალბერტო დიასმა თავისი სამქულიანთ ისევ გაგვაჩუმა. მიუხედავად, პატარ-პატარა ეფექტური ეპიზოდებისა, ესპანელებმა მაინც კლასით გვაჯობეს. სკარიოლოს გუნდი საჭირო დროს უმატებდა, დაცვაშიც კარგად მოქმედებდა, შეტევებიც მეტად გამართული ჰქონდათ და ანგარიშში ახლოს მისვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ.
ესპანელებმა მესამე პერიოდში დაცვას საოცრად მოუმატეს, საქართველოს ნაკრებს გააზრებული შეტევების ორგანიზება უჭირდა და სხვაობაც უფრო და უფრო იზრდებოდა. ბოლო პერიოდის წინ, საქართველოს ნაკრები 47:71-ს აგებდა.

მეოთხე პერიოდი დუდა სანაძის სამქულიანით დაიწყო. ისევ კარგი იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც კარგად შევიდა საჯარიმოში, პრადილიას მეხუთე პერსონალური აკიდა და სამქულიანი შეტევა მიითვალა.

ესპანელები დაცვაში ყურადღებიანი თამაშით ქულებს არ გვაღებინებდნენ, თავად კი მარტივად გადიოდნენ შეტევაში ფონს და დიდი ანგარიშით მოიგეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 13 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. 10 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. 10 ქულა, 6 მოხსნა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე.

ესპანელთაგან საუკეთესო ვილი ერნანგომესი იყო-14 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი.

საქართველოს ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 2 მარცხი აქვს და პლეი-ოფში გასვლა ძალიან გაირთულა. საქართველოს ნაკრებს დარჩენილი 3 თამაშიდან მინიმუმ 2 აქვს მოსაგები, ოღონდ 2 მოგების შემთხვევაში მარტო საკუთარ თავზე არ იქნება დამოკიდებული.

მომდევნო შეხვედრას “ჯვაროსნები” ხვალ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ საქართველოს ვხვდებით… თურქებმა მოიგეს და ჩვენთან 2 გამარჯვებით მოდიან

სათადარიგო მოთამაშეები კარგად ჩაერთვნენ: მესამე პერიოდში აგრესიულმა დაცვამ შედეგი გამოიღო – ესპანელთა შეფასებები