in

ემპოლიმ გოგლიჩიძე წარადგინა: აქ აღმოვაჩინე ნამდვილი ოჯახი

მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედოს” 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე ცოტა ხნის წინ “ემპოლიში” გადავიდა. მან ტოსკანურ კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ემპოლიმ” ქართველი ახალწვეული ახლაღა წარუდგინა საზოგადოებას. “ემპოლის” საშინაო არენა “კარლო კასტელანის” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს უპასუხა…

“მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. მქონდა სხვა შეთავაზებებიც, თუმცა როცა “ემპოლის” ინტერესზე შევიტყვე, ბევრი აღარ მიფიქრია. ვესაუბრე ლევან მჭედლიძეს. მან ბევრი რამ მიამბო ამ კლუბზე. მითხრა, თუ რა მელოდა აქ, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი…

აქ მე აღმოვაჩინე ნამდვილი ოჯახი. პირველი დღიდანვე ძალიან შინაურად ვიგრძენი თავი. თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს პერსონალთან და ზოგადად ყველასთან, ვინც აქ გავიცანი…

ემპოლი პატარა და, ამავე დროს, ძალიან კომფორტული ქალაქია. მნიშვნელოვანია ის, რომ ფეხბურთელს შეუძლია სტადიონთან ახლოს ცხოვრება და ის, რომ მთელი თავისი ყურადღება მიაპყროს ფეხბურთისკენ. აქ ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ გავიზარდო და განვვითარდე…

ჩემი სტილი არის დაცვაში აგრესიული თამაში. ამავე დროს, მიყვარს, როცა მოწინააღმდეგესთან დუელში შევდივარ. ასევე მიყვარს პასების გაკეთება. იტალია ჩემთვის ყოველთვის იყო მიმზიდველი საფეხბურთო ქვეყანა. მცველისთვის იტალიის ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა.

“ემპოლი” ის კლუბია, სადაც შემიძლია, წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. სადღეისოდ იტალიის ჩემპიონატში არის არაერთი ძლიერი მცველი, თუმცა ჩემი კუმირი ყოველთვის იყო პაოლო მალდინი…

“ემპოლის” მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლასთან სწრაფად შევძელი საერთო ენის გამონახვა. ეს არის სპეციალისტი, რომელიც მუდამ ბევრს მუშაობს ფეხბურთელებთან – როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ ასპექტში.

ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს. მე და ჩემს თანაგუნდელებს გვკარნახობს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. გვკარნახობს იმას, თუ როგორ უნდა გავხადოთ უკეთესი ჩვენი თამაში. ვცდილობ ყველანაირად, რომ გავითვალისწინო მისი რჩევები…

მას შემდეგ, რაც იტალიაში შეძლო “კვარამ”, ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ახლა ჩვენ არაერთი იტალიური კლუბი გვაკვირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ნდობის გამართლებას შევძლებთ. ქართველებს ადრეც გვყავდა ძლიერი მოთამაშეები, თუმცა მაშინ მათ ნაკლებად ჰქონდათ საშუალება, საზღვარგარეთ წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები”, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საბა გოგლიჩიძე უკვე იღებს გამოცდილებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. რამაზ სვანაძის გუნდის შემადგენლობაში მან 4 შეხვედრა ჩაატარა და მისი წვლილიცაა, ქვეყნის რანგით მეორე გუნდი დამაჯერებლად რომ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში კი გოგლიჩიძემ 14 შეხვედრა ჩაატარა. საბას თამაში შეუძლია როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მის ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ, ვინც წლების განმავლობაში იცავდა “ემპოლის” ღირსებას.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა აუტსაიდერს მოუგო

მერაბ დვალიშვილმა სეხუდო გაანადგურა და ახლა სატიტულო ბრძოლა უნდა: მომიყვანეთ ეგ მსუქანი ჩემპიონი, ჩხუბი მსურს