საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მოქმედი გამარჯვებულის რანგში ჩაერთო და ტიტულის დაცვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 76:0 გაანადგურეს. ანგარიშიდანაც სჩანს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნების უპირატესობა აშკარა იყო და ჩეხებს ჯარიმის დარტყმის საშუალებაც კი არ მისცემიათ.ამგვარად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და ბელგიას შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში მასპინძელ რუსეთს 21:10 სძლია. ფინალის მე-2 საგზურისთვის ესპანეთი და პორტუგალია იბრძოლებენ. ესპანელებმა რუმინეთი 45:8 დაამარცხეს, პორტუგალიამ კი ნიდერლანდებს სძლია – 26:15.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 6 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ფინალი კი 9-ში შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ტურნირს ასევე კალინინგრადმა უმასპინძლა და მაშინ ფინალში ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთს 20:10 სძლიეს.
GIPHY App Key not set. Please check settings