შოთა არველაძის „ჰალი“ სატურნირო ცხრილში მის წინ მყოფ „ბირმინგემს“ ესტუმრა და ფრედ ითამაშა – 0:0.
გამორჩეული უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია, მომენტები კი ორივე გუნდმა შექმნა და საბოლოოდ დაძაბული დაპირისპირება უგოლოდ და განაწილებული ქულებით დასრულდა.
ნამატჩევს შოთამ ეს თქვა:
„ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს ცდილობდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შეგვეძლო გოლის გატანა და ალბათ, მეტოქემ სისტემა შესვენების შემდეგ ამიტომაც შეცვალა.
მეორე ტაიმში უფრო უკან დავიხიეთ და ბურთი ისე აღარ გვეჭირა, რამდენიც გვინდოდა, მაგრამ მაინც შევქმენით ორი-სამი საგოლე მომენტი.
ვფიქრობ, ეს იყო თამაში, სადაც ვინც პირველი გაიტანდა, ის მოიგებდა. ჩვენ დამსახურებული ქულა მოვიპოვეთ“, – ამბობს შოთა არველაძე.
საინტერესოა, რომ შოთას „ჰალი“ გასვლაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე შინ. ჩვენიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (4 წაგება), სტუმრად კი „ჰალმა“ 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო, 1 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
37 ტურის შემდეგ „ჰალ სიტის“ 39 ქულა აქვს, მე-20 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ბარნსლის“13 ქულით უსწრებს (1 თამაშით მეტი).
მომდევნო თამაში „ჰალს“, 16 მარტს, ისევ სტუმრად მე-10 ადგილოსან „ქოვენთრისთან“ უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings