in

გპირდებით მაქსიმუმს გავაკეთებთ: საქართველო ნაყოფიერად ემზადება – ვიდეო

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მესამე დღეა თბილისში ემზადება.

ჩვენმა გუნდმა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის დებიუტანტებმა, სანდრო კალანდაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრეს. ასევე გუნდის ლიდერმა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია:
“მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.

ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს”.

გიორგი ქოჩორაშვილი:
“რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ და ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში”.

სანდრო კალანდაძე:
“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა”.

საქართველო – ესპანეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს, გუნდები მატჩის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. თამაშზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 7 სექტემბერს, დინამო არენაზე, 15:00-დან 16:30 საათამდე შეუძლიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდებმა შესარჩევი მოგებით დაიწყეს

კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტია: ფრანს ფუტბოლმა ქართველი საბოლოო სიაში შეიყვანა