in

გავარდნენ: ხვიჩამ პენალტი ვერ გაიტანა, ნაპოლი ევროპის მიღმა დარჩა

ხვიჩა კვარაცხელია და მისი „ნაპოლი“ ევროპულ ასპარეზს ჩამოშორდნენ. გუნდმა ვერ მოახერხა „მილანის“ ბარიერის გადალახვა. 1:1 – ნეაპოლში და პირველი თამაშის წაგების გამო (0:1) ნახევარფინალში მილანური გუნდი გავიდა.

ცალკე ნეაპოლი და ცალკე ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ამ დაპირისპირებას. ხვიჩას მიმართ გაორებული გრძნობებია – კარგია ის, რომ ჩვენიანმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა, საუკეთესოდაც კი აღიარეს, მაგრამ მეორეს მხრივ საკვანძო მომენტში პენალტი გააფუჭა, გუნდი კი გავარდა.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ეს მაინც მშვენიერი შედეგია – სეზონის წინ „ნაპოლისთვის“ რომ გეთქვა, იტალიის ჩემპიონი გახდები (თანაც უპრობლემოდ) და ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გახვალო, ხელს დაუფიქრებლად მოაწერდა.

კვარაცხელიას და „ნაპოლის“ მიმართ მოლოდინიც გაიზარდა და მოთხოვნაც. არადა, 22 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც პირველ სეზონს ატარებს ევროპაში, ყველაფრის ერთდროულად აკიდება იქნებ გადამეტებული იყოს. ვერ მოვა ერთ წელიწადში ყველა წარმატება ერთად.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, პირველი დარტყმა კვარაზე მოვიდა. მაგრამ სტუმრებმა პირველ იერიშებს გაუძლეს, ხოლო 22-ე წუთზე რაფაელ ლეაოს წაქცევისთვის „ნაპოლის“ კარში პენალტი აქეთ დაინიშნა, რომელიც ალექს მერეტიმ ოლივიე ჟირუს აუღო.

37-ე წუთზე პოლონელ არბიტრს, მარჩინიაკს ირვინ ლოსანოს წაქცევისთვის პენალტი „მილანის“ კარშიც შეეძლო დაენიშნა, მაგრამ არ ქნა (VAR-მა არა დადო). 43-ე წუთზე ისევ ლეაომ გაიბრწყინა: საკუთარი მოედნიდან შესანიშნავი რეიდის შემდეგ ჟირუს ცარიელ კარში ახლო მანძილიდან გაატანინა.

სპალეტის პირველივე ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია: ტრავმირებული მარიო რუისა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და ლოსანო შეუშვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და კარში მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ააცილა. 58-ე წუთზე ჩვენიანმა ორ მეტოქეს კიდევ ერთხელ აჯობა, თუმცა მიზანს ამჯერადაც ვერ მოარტყა. ხვიჩას პასით (64-ე წუთზე) მატიას ოლივეირასაც უმტყუნა მიზანმა.

80-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა და იმედი გაჩნდა. საპასუხისმგებლო მისია კვარამ ითავა – ცუდად არ დაურტყამს, მაგრამ ფრანგმა მეკარე მენიომ კუთხე გამოიცნო და საკმაოდ ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია.

უკვე თამაშის ბოლოს, 93+3-ე წუთზე კვარამ ფლანგზე რასპადორის მიაწოდა, რომლის ჩაწოდებას ოსიმენის თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. „ნაპოლის“ მეტი დრო აღარ ჰქონია.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. განმეორებითი მატჩი.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 728 მაყურებელი
ნაპოლი – მილანი 1:1
გოლები: 0:1 ჟირუ (43), 1:1 ოსიმენი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (23), კვარაცხელია (82)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 12 ქულა, 9 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება

ხვიჩა მაინც ყველაზე კარგი იყო: რა შეფასება დაუწერეს კვარას