ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელგრადის ტურნირი დაიწყო და პირველივე მატჩში დაამთავრა. ქართველი ჩოგბურთელი ორგანიზატორების მიერ მესამე ნომრად იყო განთესილი და ამიტომაც შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, თუმცა სამწუხაროდ წარუმატებლად.
ბასილაშვილის მეტოქე რეიტინგის 119-ე ნომერი ანდრე მარტინი იყო და ცხადია წყვილის ფავორიტადაც ჩვენებური მიიჩნეოდა, თუმცა ქომაგებს იმედები გაუცრუა.
მიუხედავად უცუდესი სტატისტიკისა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ დაპირისპირებაში ერთი მატჩ-პოინტი მაინც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 3 სეტიან თრილერში – 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა.
რადგან სტატისტიკა ვახსენეთ ისიც ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯამში 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ძალზე ბევრია, ხოლო საკუთარი ჩაწოდება 9-ჯერ წააგო. პირველი სეტის 1:6 წაგების შემდეგ, ბასილაშვილი მეორე პარტიაშიც ბრეიქით აგებდა, თუმცა ძალები მოიკრიბა, უკეთ ათამაშდა და მეტოქესაც 6:4 აჯობა.
მესამე გადამწყვეტ სეტში კი წესით ფსიქოლოგიური უპირატესობა ბასილაშვილის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებებს აგებდა, არაერთ უხეშ შეცდომას უშვებდა და სლოვაკი ჩოგბურთელიც 5:2 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი დასრულებული ჩანდა, თუმცა ბასილაშვილს თითქოს მეორე სუთქვა გაეხსნაო და ზედიზედ 4 გეიმიც მოიგო. როგორც აღვნიშნეთ მატჩ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ეს დრამატული ბრძოლაც ტაიბრეიქზე წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings