in

ასეთი მაგრებიც ვერ ვართ: საქართველო მსაჯს ერჩის და სამოას ჭკუის სასწავლებლად გამოიყენებს

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში დასანანად წააგო სამოასთან 19:20. როდესაც თამაშის ბედი ჩვენს სასარგებლოდ მოვატრიალეთ, წინაც გავედით, სტუმრებს კაციც გაუგდეს და გამარჯვებამდეც ბევრი არაფერი იყო დარჩენილი, ცენტრიდან მეტოქეს ლელო დავადებინეთ და ასე წავაგეთ პრინციპული თამაში.

მოგებული წავაგეთ: სამოამ თბილისში პირველად გაიმარჯვა

ლევან მაისაშვილი:
„მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

„ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ დიდი მომავალი ელოდება.

უელსი რა გუნდია ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება“.

მერაბ შარიქაძე:
„თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია სადაც საჭიროა ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა ისეთი მაგრები ვყოფილიყავით მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით“.

სეილალა მაპუსუა (სამოას მთავარი მწვრთნელი):
,,უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ. ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მეტოქის წნეხის დამსახურებაა. საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება, ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია.”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენზემას ოქროს ბურთი ციხეში პატიმრებს მიუტანეს

ბარსა მსოფლიოზე 8 ნაკრებში 16 კაცს უშვებს, ეს რეკორდია: ბიჭებმა პური ერთად ჭამეს