საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში 0:0 ითამაშა ძლიერ შვედეთის ნაკრებთან, არადა თამაში ჩვენი უპირატესობით წავიდა და არაერთი ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენება ვერ მოხერხდა და დასანანი ქულები დავკარგეთ.
არადა, შეიძლებოდა მოგება: ახალგაზრდულმა საქართველომ შვედეთთან ფრედ ითამაშა
მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა.
„დაძაბული მატჩი იყო და ამას ველოდით კიდეც. შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რაც ჩვენ ვითამაშეთ და ამაზე ბიჭებთან გასახდელში ვილაპარაკე.
დასანანია, რომ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. არამარტო შვედებთან, ნიდერლანდებთანაც საკმაოდ გვქონდა საგოლე შანსი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვერ ვისარგებლეთ. ამაზე სამუშაო გვაქვს და ეს ბიჭებმაც იციან.
თამაშის შინაარს რაც შეეხება, რეალურად, რაც დაგეგმილი გვქონდა, ის შევასრულეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ერთად სწორი მიმართულებით მივდივართ და თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით.
წელს ერთი თამაში დაგვრჩა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და იქაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს სულ სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან უკეთ შევთამაშდებით და პლუს დაგვემატებიან ტრავმირებული თავდამსხმელები, რომლებიც ძალიან გვჭირდებიან“.
საბა გოგლიჩიძე:
„შვედეთი ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ ჩვენ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, პირველ ნომრად ვითამაშეთ. უბრალოდ, ბოლო ფაზაში მეტი სიზუსტე და აგრესია დაგვაკლდა“.
გაბრიელ სიგუა:
„შვედეთი მშვენიერი მეტოქე იყო, ჩვენ კი დავალებები შევასრულეთ და კარგი თამაში ჩავატარეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო, ბევრი მომენტიც გვქონდა. მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“.
GIPHY App Key not set. Please check settings