in ,

არ გამოვიდა: ბათუმი ევროპას მოუგებლად დაემშვიდობა

ბათუმის „დინამოს“ და მის სანაქებო გულშემატკივარს ძალიან სურდათ, ევროპას კარის გაჯახუნებით დამშვიდობებოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა: მიუხედავად მონდომებისა, ქომაგობისა, დაწინაურებისა, მოგება მაინც ვერ მოვახერხეთ. უნდა ითქვას, რომ პოზნანის „ლეხმა“ სრულიად დამსახურებულად გაიარა ქართული ბარიერი. აქ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ პირველი მატჩი 5:0 მოგვიგო. პოლონურმა გუნდმა უფრო გამართულად ითამაშა, თითქოს უფრო იცოდა რას და რატომ აკეთებდა – შეეძლო დაცვის გადაკეტვა, სივრცეების შეზღუდვა, ბურთის დაჭერა და წამოღებაც… ბათუმელების ენთუზიაზმის მიუხედავად, დიდად ვერ ხერხდებოდა ხიფათის შექმნა. ჭირდა კართან მიახლოება, თუნდაც შორეული დარტყმები და თამაში კი მიდიოდა დაძაბულად, ბრძოლაში და მოდუნებული არცერთი გუნდი წუთითაც არ ყოფილა, მაგრამ ინტრიგის დაბრუნება ჩანდა რომ შეუძლებელი ხდებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენებმა ასე თუ ისე შეძლეს ვითარების გამწვავება და სახიფათო იერიშების განხორციელება.

მეორე ტაიმიც, საერთო ჯამში, ანალოგიურად წარიმართა. განსხვავება ის გამოვიდა, რომ გოლები გავიდა და ეს უკვე კარგია. ჯერ ჩვენი ჯერი დადგა. 64- წუთზე აზაროვის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს მათე ვაწაძე გამოეხმაურა, მცველებს დაასწრო, კორპუსი მშვენივრად დააყენა და ნახტომში მეკარისგან მოუწვდომლად კუთხეში ჩასვა – 1:0. მაგარი გოლი და მეტი მოტივაცია.

„დინამო“ კიდევ გაიწია გასატანად და მალევე ცივი შხაპი მიიღო. 76-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ჩერვინსკიმ მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და 1:1.

ჩვენებმა მაინც სცადეს მოსაგებად წასვლა, მაგრამ რთული იყო მჭიდროდ მოთამაშე „ლეხის“ დაცვის ბევრჯერ გარღვევა.

კონფერენს ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
დინამო (ბთ) – ლეხი 1:1
ბათუმი. აჭარაბეთ არენა.
პირველი მატჩი 0:5
გოლები: 1:0 ვაწაძე (64), 1:1 ჩერვინსკი (76)

დინამო: ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი, რადინი (ბიძინაშვილი 72), ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 78), დავითაშვილი (ჩაბრაძე 89), ფლამარიონი (ფანცულაია 78), ვაწაძე (ჯიღაური 72)

ლეხი: რუდკო, რებოჩო, დუგლასი, შატკა, პერეირა (პინგოტი 82), ველდე (წიტაიშვილი 61), კვეკვესკირი, კალსტრიომი, სკორაში (მარჩვინსკი 61), ამარალი (ჩერვინსკი 73), ჟიმჩაკი

მოკლედ, საკმაოდ კარგმა ბათუმის „დინამომ“ წლევანდელ ევროტურნირებზე 4 მატჩი ითამაშა, ძირითად დროს თუ მივიღებთ სათვალავში, 3 ფრედ დაასრულა და ერთი აშკარად ჩააგდო.

ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჯამში ის შედეგი მიგვეღო, რასაც არ ვგეგმავდით და რაზეც აშკარად მეტი მოლოდინი გვქონდა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიწყო: ევრობასკეტის ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ!

საბურთალოც გამოვარდა და საქართველო უევროპოდ დარჩა: არადა, გასვლა შეიძლებოდა