in

არ ადგე ხვიჩა: კვარაცხელია ფორმაშია, პენალტი აიკიდა და ნაპოლის… კინაღამ მოაგებინა

„ნაპოლი“ სერია ა-ს 34-ე ტურში „რომას“ შეხვდა და დასანანი ფრე ითამაშა – 2:2.
ეს იყო ორი კონკურენტი გუნდის შეხვედრა და თამაში მშვენიერი გამოვიდა. „ნაპოლის“ მცირე, თეორიული შანსი აქვს მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ ყველა დარჩენილი თამაშის მოგება სჭირდება და ერთ-ერთ უშუალო სპარინგთან ძალიან მონდომებული და შემართული იყო. მოგებასაც იმსახურებდა და ახლოსაც იყო, მაგრამ…

კვარაცხელია ძირითადში იყო და მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, 86-ე წუთზე გაიყვანეს, როცა „ნაპოლი“ იგებდა…

„ნაპოლი“ კი სწორედ ჩვენიანის გამო იგებდა. ცოტა ხნით ადრე კვარაცხელიას საჯარიმოს ხაზთან ოსიმენმა დაუტოვა ბურთი, ხვიჩამ რენატო სანჩესის მოტყუება სცადა, თითქოს არ გამოუვიდა, მაგრამ ბურთი შეინარჩუნა, საჯარიმოში ფეხი შედგა, მეტოქემ კი უკნიდან წიხლი მოუქნია… ხვიჩა დაეცა, მსაჯმა თამაში გააგრძელა, იქვე მყოფმა ოსიმენმა ქართველს უთხრა, რომ არ წამომდგარიყო და საბოლოოდ საქმე VAR-მდე მივიდა. პენალტი იყო და დაინიშნა კიდეც – გოლი ოსიმენმა შეაგდო და „ნაპოლი“ უმნიშვნელოვანეს სამ ქულასთან ახლოს მივიდა.

ხვიჩა აშკარად კარგ ფორმაშია, პირველ ტაიმშიც აქტიურობდა და მე-40 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზად დაარტყა, მაგრამ „რომას“ კარგი მეკარე გაფრინდა.
კვარაცხელიას სხვა შანსებიც ჰქონდა, მეორე ნახევარში ერთ ეპიზოდში ბურთის ჩახურვისას მცველმა დაასწრო, მეორედ ჰაერში კართან ახლოს ხეირინად ვერ მოარტყა ბურთს.

flashscore-მა და sofascore-მა ხვიჩას 7.9 დაუწერეს, ხოლო whoscored-მა – 8.4, რაც უმაღლესია ოსიმენთან ერთად.

ჯამში, თამაშიც მაგარი გამოვიდა, „ნაპოლის“ ბევრი მომენტი ჰქონდა, სულ შეტევაზე ეჭირა თვალი, თუმცა „რომას“ უფრო გაუმართლა და ქულა წაიღო.

ნაპოლი – რომა 2:2
0:1 – დიბალა, 59 (პენ); 1:1 – ოლივეირა, 65; 2:1 – ოსიმენი, 84 (პენ); 2:2 – აბრაჰამი, 89.

ახლა „ნაპოლის“ 34 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. არადა, სჭირდება მე-6-ზე გასვლა (თეორიული შანსია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის), თუმცა ამ ადგილამდე 7 ქულაა („ატალანტას“ ერთი მატჩიც თადარიგში აქვს), მე-5 ადგილოსან „რომამდე“ კი 9 ქულაა.
მოკლედ, ვითარება მარტივი არ არის, მომდევნო ტურში კი „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზესთან“ წავა, რომელიც გასავარდნ ზონაშია და ქულები უეჭველი სჭირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მცველების პირველი გოლები, ბუდუს მაღალი შეფასება – ლეგიონერები

შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა