“სად, რომელ მატჩში უნდა ვათამაშოთ ახალგაზრდები, თუ არა პირველ მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელიც ეგვიპტესთან ჩავატარეთ?! მერე და მერე უფრო რთული იქნება მათთვის ასპარეზის დათმობა, თუკი აქედანვე არ მიიღეს გამოცდილება და არ შეეჩვივნენ მოედანზე, რეალურ ბრძოლაში თავის გატანას – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ეგვიპტესთან დახურული და სავარჯიშო ტიპის მატჩის შემდეგ, რომელიც აფრიკულმა გუნდმა 81:76 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2:30 წუთი, როცა თანაბარი ანგარიში იყო და მატჩის ბედი წყდებოდა, ამ ხუთეულით ითამაშა: ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბექაური და გიორგი ტურძილაძე. მანამდე კი რამდენიმე წუთი ამ ხუთეულიდან ერთადერთ სასტარტოს, დუდა სანაძის ნაცვლად მოედანზე კახა ჯინჭარაძე იმყოფებოდა. მწვრთნელმა არ შეცვალა არც ახალბედები და არც სათადარიგოები, ისინი ბოლომდე, ბრძოლაში დატოვა მოედანზე, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მოთამაშეთა შესაძლებლობების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დამუშავება იყო.
ილიას ზუროსმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ტრევიზოში ჩატარებული ერთკვირიანი კემპის შედეგები ამ მატჩში ნახეს. მატჩამდე სამივე მწვრთნელი (ილიას ზუროსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა) ამბობდა, რომ ეგვიპტესთან მატჩი დაგვანახებს, რაზე გვმართებს აქცენტის გაკეთებაო და სავარაუდოდ ასეც მოხდა. ეგვიპტესთან მატჩში კარგად გამოჩნდა თითოეული მოთამაშის მომზადების დონე და ასევე მთავარი: რა მიმართულებით მართებთ ჩვენს მწვრთნელებს მუშაობა, რათა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.
საქართველოს ნაკრებმა 14 კალათბურთელით ითამაშა. მწვრთნელებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ეგვიპტესთან დაისვენა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მომქანცველი სეზონისa და დასვენების შემდეგ სასურველ კონდიციაში ჯერ არაა. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით არ უთამაშიათ გიორგი კორსანტიას, მერაბ ბოქოლიშვილსა და ალექსანდრე გაფრინდაშვილს.
საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია გველოდება.
GIPHY App Key not set. Please check settings