in ,

წაგება ბოლო წამებზე: მორიგი უიღბლობა და ბათუმის დინამო ისევ გასვლითი მატჩის იმედად

ისევ იგივე: კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” თურქულ “სივასპორს” უმასპინძლა და სამწუხაროდ ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იყო ბევრი ჯარიმა და უხეშობაც. ფეხბურთელები არაერთხელ წაკინკლავდნენ კიდეც, მათ შორის მატჩის დამთავრების შემდეგაც.

პირველ ტაიმში ზღვისპირელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ნახევარში აჭარლებმა ტემპს უმატეს და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს გოლიც გაუტანეს.

54-ე წუთზე მამუჩაშვილმა თურქული გუნდის კარი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და ტაბლოზე 1:0 დაფიქსირდა.

მიუხედავად “დინამოს” აქტიურობისა, სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. 75-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში ლეკემ გაათანაბრა (1:1).

მატჩის მიწურულს, 95-ე წუთზე “სივასპორის” ფეხბურთელებმა (კაიოდე) კუპატაძის კარი მეორედ აიღეს და გამარჯვებაც იზეიმეს – 2:1.

ბათუმელები მთელი თამაში უკეთესები იყვნენ, მაგრამ “სივასპორმა” შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა და ამან გაამართლა კიდეც.

თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ განმეორდება წინა ეტაპის შედეგი. მოგეხსენებათ, ბათუმელებმა პირველი საშინაო შეხვედრა “ბატესთანაც” მინიმალური სხვაობით წააგეს, თუმცა განმეორებითი მატჩი მოიგეს და ახლა აგერ მესამე რაუნდსაც თამაშობენ.

კონფერენს ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო ბათუმი – სივასპორი 1:2
5 აგვისტო. ბათუმი.

დინამო: კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, ჯიღაური (ნავალოვსკი, 90), მანჯგალაძე (ფანცულაია, 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე, 80), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი, 79).

განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება. “სივასპორი” “დინამოს” 12 აგვისტოს სივასში უმასპინძლებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი ეპოქა სრულდება: მესი ბარსას ტოვებს

ოდიკაძემ მძიმე ბრძოლაში მოიგო და რუსი სადულაევი ელოდება