in

ტაბუცაძის ბენეფისი და შავი ლომის ისტორიული გამარჯვება

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველად ჩაერთო საქმეში და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. რაგბი ევროპის სუპერთასის შეხვედრაში “შავი ლომი” ებრაულ “თელავივ ჰითის” დაუპირისპირდა და 33:10 დაამარცხა.

მატჩი ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს გუნდს შეთამაშება აკლია და ეტყობათ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით პირველ ნახევარში. “შავ ლომს” ძალისმიერ რაგბიში დიდი უპირატესობა ჰქონდა, კარგად ვმოქმედებდით რაქებში გადაყრებებზეც, რაც შეტევითი ფაზებისას დიდ უპირატესობას გვძენდა. მატჩში პირველი ქულები მეათე წუთზე გავიდა. ქართული ფრენჩაიზის პირველი ქულები სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. “თელავივ ჰითის” მორაგბეები რაქში ჩავარდნენ და ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. ჯარიმის გატანა მათიაშვილს არ გასჭირვებია. მალევე, რამდენიმე ფაზიანი მძლავრი მიძალების შემდეგ, ებრაული გუნდის მორაგბეები რაქში ჩავითრიეთ. ბეგაძემ ბურთი ხაზზე გაათამაშა, სადაც აკაკი ტაბუცაძე უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი და “ბორჯღალოსნების” ფრთას ლელოს დადება არ გასჭირვებია. მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა-10:0. 30-ე წუთზე ჩვენი გუნდისთვის ცუდი რამ მოხდა. “თელავივ ჰითმა” ფაზურად კარგად შემოგვიტია და მათმა მგეზავმა კარგად შეაცურა ბურთი. მათიაშვილმა ბურთი ჩათვლის მოედნიდან ხაზს იქით გადააგდო. წესების მიხედვით, ბურთის მოედნის ფარგლებს გარეთ განზრახ გადაგდება ყვითელი ბარათით ისჯება, პლუს ამას მათიაშვილი რომ არა ებრაელთა მორაგბე უდიდესი ალბათობით ლელოსაც მიივლიდა. შესაბამისად, შეხვედრის რუსმა არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა და მათიაშვილი სინბინში გაუშვა. ამ ეპიზოდში მათიაშვილმა ბარათთან ერთად ტრავმაც მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ლაშა ხმალაძე ჩაერთო. პირველი ნახევრის ბოლოსკენ, მეტოქის ხუთმეტრიანში დერეფანი კარგად მოვიგეთ, მამაპაპური მოლი შევკარით და ლელო შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. ბაბუნაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა. დარჩენილ დრო გუნდებმა თითო-თითო ზუსტი საჯარიმო დარტყმები გაცვალეს და ტაიმიც ასე მორჩა-18:10.

მეორე ნახევარში “შავი ლომი” გაცილებით ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამან შედეგიც გამოიღო. აკაკი ტაბუცაძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ ორჯერ დაამიწა ბურთი, რასაც გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახვა და ჯარიმაც მიაყოლა.

მოგების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდი დისციპლინაში მოიკოჭლებდა.”თელავივ ჰითთან” ორი სინბინი და შერკინებაში ორი ჯარიმა დაფიქრებას საჭიროებს.

საბოლოოდ, 33:10 და პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0