in

საბერძნეთი 20 წლის წინანდელ ტრიუმფს იხსენებს და თბილისში თავდაჯერებული მოდის – ჩაკვე-კვარას დუეტს მაინც უფრთხის

ბერძნული მედია ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან დაპირისპირებამდე “ჯვაროსნებზე” ამახვილებს ყურადღებას და შანსებს აფასებს.

ერთი რამ არის თვალშისაცემი – ყაზახეთთან დიდი ანგარიშით (5:0) გამარჯვების შემდეგ თბილისში თავს უდავო ფავორიტებად თვლიან, რაც ძალიან კარგია – ქედმაღალი მეტოქე ეგებ ძალიანაც გვაწყობდეს…

“დაიწყო ათვლა თბილისში გასამართ დიდ მატჩამდე, სადაც ჩვენი გუნდი სამშაბათს, 26 მარტს საქართველოს დაუპირისპირდება და გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს მიიღებს”, – ასე იწყება გამოცემა Gazzetta.gr-ში გამოქვეყნებული წერილი, რომელიც საინტერესო უნდა იყოს იმ ატმოსფეროს შესაგრძნობად, რასაც ბერძნული მხარე მოუცავს:

…”რამდენიმე თვეში 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრებმა შოკში ჩააგდო ევროპა, ისტორია დაწერა და მილიონობით თანამემამულე ქუჩაში გაიყვანა.

ევრო 2004-ზე გამარჯვება შემდგომი თაობებისთვის მემკვიდრეობად იქცა: ჩვენი ქვეყანა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მუდმივად ასპარეზობდა დიდ ტურნირებზე (გამონაკლისი იყო მხოლოდ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი).

თუმცა, მას შემდეგ საბერძნეთი აღმოჩნდა… ბოლოში. იყო შოკისმომგვრელი მარცხები, დაქვეითება… მთელი 10 წლის განმავლობაში მთავარი შეჯიბრებების მიღმა ვრჩებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, დაბრუნება ძალიან ახლოსაა, განსაკუთრებით ყაზახეთთან შთამბეჭდავი (5:0) გამარჯვების შემდეგ.

მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ნაკრების თამაშებზე საბერძნეთში სტადიონი ისევ შეივსო: “ეს იმის ნიშანია, რომ ნაკრებმა ხალხი ტრიბუნებზე დააბრუნა და გუნდიც მზადა, ევროპული ფეხბურთის სათავეებში დაბრუნებით ამ პროცესს ხელი შეუწყოს”.

ყაზახებთან საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა პორტუგალიური ეპოსის 20 წლისთავთან დაკავშირებით და გამარჯვების მიზნით, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად თბილისში საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს.

დაე, ისტორია განმეორდეს!..
საბერძნეთს არასოდეს წაუგია საქართველოს ნაკრებთან და ამავდროულად, მათთან სტუმრობისას ყველა დროის რეკორდი დაამყარა – 4 გასვლითი მოგებიდან სამში მარცხდებოდა და მიუხედავად ჩამორჩენისა, ეს თამაშები შემოატრიალა.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჩვენი ბოლო დაბრკოლება საქართველოა, რომლის წინააღმდეგაც ძალიან კარგ ტრადიციას ვინარჩუნებთ.

აქამდე, ქართველებს 9-ჯერ შევხვდით, მათ შორის, 8 ოფიციალური მატჩი იყო და ერთიც – ამხანაგური. “ლურჯ-თეთრებმა” 7 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასროლეს და არც ერთი არ წაუგიათ. არადა, ხუთ შემთხვევაში ქართველები იყვნენ დაწინაურებული…

2021 წლის 31 მარტს საბერძნეთში გამართული მატჩი (1:1) იყო ერთ-ერთი პირველი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ფართო საზოგადოებამ შეიტყო, როცა მან შესანიშნავი გოლით გაათანაბრა ანგარიში. თუმცა ქართველებმა ვერ ამ თამაშში მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.

ისე, დიდი მატჩის წინ კითხვა მარტივია – ვინ მოიგებს? დაე, ისტორია განმეორდეს!

ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გოლების ქარხანა
“საბერძნეთისთვის ნომერ 1 საშიშროება ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჩვენი მეტოქის უდავო ლიდერია. “ნაპოლის” 22 წლის ნახევარმცველი ალფა და ომეგაა მასპინძლებისთვის, რომლის გარეშეც ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხეს, მაგრამ როცა ის თამაშობს, საქართველო სულ სხვა გუნდია.

ახლა ქართველებს მისი იმედი აქვთ საბერძნეთთან ფინალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო 28 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების სამ ბოლო მატჩში (კვიპროსი, ესპანეთი, შოტლანდია) 4 გოლი მიითვალა და ერთიც შედეგიანი პასი გააკეთა. 4-დან სამ შემთხვევაში, კვარაცხელიამ ეს 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემებით მოახერხა.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი კარგად არიან შეთამაშებულები და მოედანზე ერთმანეთს “პოულობენ”. თითქმის ყველა გოლი ერთმანეთს ჰგავდა, კვარაცხელია დამცვლების უკან იხსნებოდა და “უოტფორდის” ნახევარმცველის ვერტიკალური პასით იტანდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართველებისთვის მათი დუეტი შეტევაში უაღრესად მნიშვნელოვანია. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს არის “გოლების ქარხანა”. რა თქმა უნდა, ეს ბერძენმა მცველებმაც იციან…

lelo.ge

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო საბერძნეთისთვის ემზადება

გავარვარებულ ღუმელში… საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია – ვინ წავა გერმანიაში