in

მორიგი დაპირისპირება რაგბის კავშირში: ვეტერან მორაგბეებს კარი ჩაუკეტეს

რაგბის კავშირში დენთის სუნია და კაცმა არ იცის როდის აფეთქდება. რაგბის კავშირის სათაო ოფისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ოფისში ირაკლი აბუსერიძე და ვეტერანი მორაგბეები იყვნენ მისული, რომლებსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტ სოსო ტყემალაძესთან საუბარი სურდათ, თუმცა მათ ოფისში შესასვლელი კარი ჩაუკეტეს.

“მოვედით სპორტული საკითხების განსახილველად, ბევრი კითხვა გვაქვს. უნდათ, რომ დიდი 10 შეკვეცონ და 8 გუნდამდე ჩამოიყვანონ. არის კითხვები ფინანსებთან დაკავშირებით. გვინდა მომავალ წელზე დავიგეგმოთ და ისიც არ ვიცით ბიუჯეტი რამდენი იქნება. ინფორმაციის სრული ვაკუუმია, სამარცხვინოდ ჩაიკეტნენ და პრეზიდენტიც დაიმალა. უნდა მოსულიყო და არ მოვიდა. პოლიციის ორი ეკიპაჟი გამოიძახეს“, – განაცხადა ირაკლი მაჩხანელმა.

რაც შეეხება რაგბის კავშირის პოზიციას, კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ალავიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებთან შეხვედრა დღის წესრიგში არ იდგა და მათთან დალაპარაკებაც სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა.

“დიდი 10-ის შეკვეცაზე საუბარი არ არის, საუბარია რეფორმაზე. საწყის ეტაპზეა ეს ყველაფერი, რაც გამგეობის სხდომის ოქმშიც წერია. არ იგეგმება ფინანსების შეკვეცაც.

კარების საკეტთან თუ დაინახავთ, იქ არის კოვიდ რეგულაციების გამო დაწესებული შეზღუდვა. წინასწარ არის ადამიანების სია განსაზღვრული, ვინც დადის. პოლიციის გამოძახება ხდება ხოლმე პერიოდულად და ეს აუცილებელი იყო“, – თქვა ნიკოლოზ ალავიძემ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0