in ,

კრიპტო სამყარო და პრემიერლიგა: რა გავლენა იქონია კრიპტობირჟის კატასტროფულმა ვარდნამ

კრიპტოვალუტა 10 წლისწინ არაფერს ამბობდა. ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად კი მსოფლიოში ახალი, ვებ3 სივრცე გაჩნდა, რომელმაც ყველა და ყველაფერი მოიცვა. ყველაფერი ბიტკოინით დაიწყო, რომელმაც ამბასადორის როლი შეასრულა კრიპტოსამყაროში და ამის შემდეგ მილიონობით მონეტა თუ ვალუტა გაჩნდა, რომელთა მეოხებითაც ზოგი ფულს შოულობს, მაგრამ უმეტესობა კარგავს, რადგან კრიპტოსამყაროს პროგნოზირება ჩვეულებრივი ადამიანისათვის ზედმეტად რთული მისიაა. რაღა შორს წავიდეთ, სადაც არ უნდა გაიხედოთ, თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე შენიშნავთ ტელეფონში თავჩარგულ ადამიანს, რომელიც გარკვეული სიჩქარით გადაადგილდება და თავიდან, შესაძლოა, იფიქრო, რომ სმარტფონზე დამოკიდებულ ახალგაზრდასთან გაქვს საქმე, მაგრამ რეალურად ნფტ ბოტასით სარგებლობს, რომელმაც ხალხს იმედი გაუჩინა, რომ 1000 ან 1500 დოლარიანი ინვესტიციით ცხოვრებას მოიწყობდა, თუმცა… ეს თემა, ალბათ, თავადაც კარგად იცით, რადგან თქვენ თუ არ გაქვთ ბოტასი, გარშემომყოფთაგან ვინმეს მაინც ექნება და ისიც გეცოდინებათ, რომ სერიოზული ვალი დაედოთ…

ახლა კი უფრო გლობალურ ჭრილში ჩავყვინთოთ და ვნახოთ, როგორი გავლენა იქონია კრიპტო სამყაროს თავისუფალმა ვარდნამ პრემიერ ლიგაზე. ჩემპიონატი, რომლის ჯამური ღირებულება ტრილიარდ გირვანქას აჭარბებს. ზოგადად, კრიპტო სამყაროსათვის საფეხბურთო კლუბები კარგი საკბილოა, რადგან გუნდების უმეტესობას ახალგაზრდა ადამიანები ქომაგობენ, რომლებიც ავანტიურისათვის მზად არიან. კარგი გათვლაა ხომ? ჰოდა, სწორედ ასე ამუშავდა კრიპტო ფეხბურთში. ცხადია, ოცივე პრემიერ ლიგის კლუბს არ შევეხებით, რადგან ძალიან ვრცელი გამოვა, მაგრამ ტოპ6-ს კი ნამდვილად მიმოვიხილავთ. ჰო, ერთი სტატისტიკა: გასულ სეზონში უკლებლივ ყველა კლუბს მინიმუმ ერთი კრიპტო სპონსორი ჰყავდა, რადგან ის ხალხი ფულს იხდიდა და პიელის კლუბებსაც მეტი რაუნდათ…

დავიწყოთ ლონდონის „არსენალით“

ხშირად არ ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს სარეკლამო სტანდარტების ორგანო მიზანშ საფეხბურთო კლუბს იღებდეს, მაგრამ დეკემბერში დამკვირვებელმა ჩათვალა, რომ „არსენალმა“ კატალიზატორის როლი ითამაშა, კრიპტო ინვესტიციებში და ისარგებლა მომხმარებელთა გამოუცდელობით, რადგან მათ მიერ წარმოებულ აქციაში მონაწილეობას პირველი გუნდის სამი მოთამაშე ღებულობდა. კლუბმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გადახედვას შეეცდება. აქცია „სოსიოსის“ მიერ გაცემული მონეტები არსენალის ფანებისათვის იყო. კრიპტოვალუტის ტოკენები გვთავაზობენ ხმებს და გამოკითხვებს საკლუბო საკითხებზე და ასევე შესაძლებელია ვაჭრობა, როგორც სპეკულაციური ციფრული აქტივისა. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი აჟიოტაჟის ფონზე იზრდებოდა ჩართულ ხალხთა რაოდენობა, არსენალის მონეტა კრატერული გახდა და მისი პიკიდან 80 პროცენტზე მეტით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრები, რომლებმაც ეს მონეტა იყიდეს გასული წლის ბოლოს და შემდეგ გაყიდეს, ჩადებული თანხის 80% დაკარგეს.
მონეტის თავდაპირველი ფასი 2.45 გირვანქა იყო. ადამიანები, რომლებმაც თავიდანვე შეიძინეს აქტივი, მცირე მოგება ნახეს, რადგან რაღაც მონაკვეთში ფასმა იმატა, თუმცა აბსოლოტურმა უმრავლესობამ ფული დაკარგა. „სოსიოსა“ და „არსენალის“ წარმომადგენლებმა ასეთი რამ თქვეს: „ეს არ არის ვაჭრობა. თანამედროვე რეალობაში ეს არის გზა, რომ გულშემატკივარი კიდევ უფრო დაუახლოვდეს გუნდს იგრძნოს თავი მის ნაწილად. ამ პროცესს კი დრო სჭირდება და ჩვენ ამის ნაწილი ვართ“. სეზონური ბილეთის მფლობელებს მონეტა საერთოდ უფასოდაც კი გადაეცათ, მაგრამ იმ ხალხს რა ეშველება, ვინც თანხა დაკარგა? ამის შემდეგ ჭკუას ისწავლიან.

სიის მომდევნო წევრი ლონდონის „ჩელსია“

აწ უკვე ტოდ ბოუელის გუნდმა 20 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა „whalefin”-თან, კომპანია, რომელიც სინგაპურშია დაფუძნებული და ბუნების დამცველთა მანტიაც აქვს მორგებული. მათი ძირითადი საზრუნავი ოკეანეებია. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ბიტკოინის გენერირებას ულევი ენერგია და ზე გამართული კომპიუტერული ქსელი სჭირდება, რითაც დიდი რაოდენობით ნახშირი იწვება. ამის გამოისობით, კრიპტო ვალუტები არაერთგზის გამხდარან გარემოსდამცველთა შეტევის ობიექტი.
ჯონ ტერიმ დააარსა ნფტ პროგრამა „ape kids football club”, რომელსაც „ჩელსის“ მოთამაშეებმა რეკლამა გაუკეთეს, მაგრამ ამ წუთისათვის საწყისი ღირებულებიდან, რომელიც 840 დოლარს შეადგენდა, 0.9 იან ნიშნულზე ისკუპა. დასკვნა- -99%.

„ლივერპული“

მერსისაიდელებმა ასეთი რამ მოიფიქრეს. მულტფილმის სტილში შექმნეს გუნდის 23 მოთამაშისა და მწვრთნელის ნახატი, რომელსაც დაედო ფასი და ჩაეშვა გაყიდვაში. ეს ყველაფერი ნფტ-ს ნაწილია. გათვლა ასეთი იყო, გაყიდული 171 000 ნახატიდან კლუბს 8.5 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო, მაგრამ პროექტმა სრული კრახი განიცადა. რაოდენობრივადაც ძალიან ცოტა გაიყიდა თან არა 75 დოლარად(თავდაპირველი ფასი), არამედ 11 დოლარად ან უფრო ნაკლებად. ჰო, პროექტის დაწყებამდე ცოტახნით ადრე „ლივერპულმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომ ეს უბრალოდ ხელოვნების ნაწარმია და არ უნდა აღიქვან ისე, როგორც ინვესტიცია.

„მანჩესტერ სიტი“

რა, რა და ფული შეიხ მანსურის ბიჭებს, ნაღდად არ აკლიათ, მაგრამ „სიტი“ ვისზე ნაკლებია? ნაკლები კი არა, „სიტი“ კრიპტოს ფეხბურთში დამკვიდრების ავანგარდშიც კი მოექცა. სულ ცოტახსნიწინ, პრემიერ ლიგის 38-ე ტურის მატჩში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, „ეტიჰადზე“ „okx”-ის სარეკლამო ბანერებიც კი შეგვხვდა. კომპანია, რომლის სპეციფიკური საქმიანობაც ბრიტანეთში აკრძალულია ძალიან მაღალი რისკიანობის გამო, მაგრამ კანონი დარეკლამებას არ კრძალავს.
გარდა ამისა, „სიტი“ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქმე დაიჭირა „სოსიოსთან“ და კლუბის მონეტა გამოსცა, რომლის ფასიც 30$ იყო, რაც ყველა სხვა კლუბისას აღემატებოდა. მიუხედავად კრიპტო რეგრესისა, სიტის მონეტაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო, რადგან ამ მონეტის შეძენა ბაინანსზეა შესაძლებელი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ესაა. ჰო, ბაინანსი მთავარი კრიპტო პლატფორმაა, სადაც ხდება ვაჭრობა.
გარდა ამისა „სიტიმ“ ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა “official regional partner in decentralised finance trading analysis”- მაგრამ, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ორგანიზაციას თანამშრომელიც კი არ ჰყავდა და ყველაფერი გაწყდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

ამ მხრივ ყველაფერი მარტივადაა. „იუნაიტედმა“ მარტის თვეში კომპანია „ტეზოსთან“ 20 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ კომპანიის ლოგო „მანჩესტერის“ საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა.

„ტოტენჰემი“

ჩრდილო ლონდონურმა გუნდმა, კომპანია „ლიბერტექსთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც გრენადაში, კვიპროსსა და კიდევ 27 ქვეყანაში ფუნქციონირებს. გარიგების დეტალები უცნობია, მაგრამ დანიელ ლევი ყაირათიანი კაცია, როცა თავად ხარჯავს, სხვისგან კი უამრავს ითხოვს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0