in ,

ვნერვიულობდი, გეფიცებით: სალაჰის მე-100 გოლი და ჩელსის მე-600 მოგება – IV ტური

ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის მე-4 ტური ისტორიაში შევა. რა მიხვედრა უნდა – კრიშტიანო რონალდოს გამო. 12-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებულ სუპერვარსკვლავს მოუთმენლად ელოდნენ. ასეთი აჟიოტაჟი კარგა ხანია არ ყოფილა იქაურ მაღაზიებთან, სტადიონებთან, პრესაში, მოლოდინიც დიდი იყო – ნერვებს აყოლილმა რონალდომაც გაამართლა და დაბრუნება შედგა.

დაბრუნდა: რონალდოს დუბლი და ახალი ციფრები – ფოტო

ზოგადად კი წლევანდელი პრემიერლიგა აშკარად კარგი რამ უნდა გამოვიდეს. „მანჩესტერი“ ხომ მშვენიერი შემადგენლობით იწონებს თავს, ძალიან ძლიერად გამოიყურება „ჩელსი“, ცხადია ფავორიტია „სიტიც“ და ჩემპიონობისთვის ცხარე ბრძოლები იქნება. თუნდაც ოთხეულისთვის, რომელიც ყველა მსურველს ვერ დაიტევს. „ლივერპული“ ალბათ მარტო ოთხეულისთვის ბრძოლით არ დაკმაყოფილდება, იქ „ტოტენჰემსაც“ მოუნდება და პლუს ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ისეთი, რომელიც საშუალოზე მაღლა ახტომას ისურვებს – „ლესტერი“, „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“… კანდიდატები არიან.

რონალდოს დაბრუნება რომ არა, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ შესაძლოა ტურის ცენტრალურ მატჩს „ლესტერსა“ და „სიტის“ შორის, რომელიც ჩემპიონმა მომენტების მიუხედავად მინიმალურად მოიგო. ყურადსაღებია ლიდერ „ტოტენჰემის“ პირველი წაგება, თანაც დიდი სხვაობით და ამით კითხვები გააჩინა, რამდენად სერიოზულად გაქაჩავს მთელ სეზონს უმაღლეს დონეზე. ცხრილში ზემოთ „ბრაიტონი“ კი აჩოჩებულა, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დროებითი მოვლენა უფროა და მასზე წინ მალე ბევრ გუნდს ვიხილავთ.
აი „არსენალმა“ კი ამ სეზონში პირველად მოიგო პრემიერლიგაში და თან პირველად გაიტანა მე-4 ტურში (ობამეიანგი).

ცხრილში კი სამი ლიდერია 10-10 ქულით მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” ულაპარაკოდ მოუგო სტუმრად “ლიდსს”. თუმცა დიდი შანსია ამ საღამოს ეს სამეული ოთხეულად იქცეს, თუ “ევერტონმა” შინ იმარჯვა, მეორე ლივერპულულ გუნდსაც 10 ქულა გაუხდება.

სალაჰმა 100 გოლი გაიტანა პრემიერლიგის 162 მატჩში. მარტო შირერმა, კეინმა, აგუერომ და ანრიმ მოახერხეს ამდენივეს გატანა მასზე სწრაფად.
სალაჰი გახდა 30-ე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში 100-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

რონალდო დუბლზე: „ვნერვიულობდი, გეფიცებით! არ ველოდი ორის გატანას, ერთის – კი“.

რონალდომ მეორე გოლამდე 32.5 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა, ეს კი მან 36 წლის ასაკში მოახერხა. ამ სეზონში ამაზე სწრაფად მხოლოდ სამი ფეხბურთელი აჩქარდა (ადამ არმსტრონგი, ადამა ტრაორე, უილფრიდ ზაჰა).

სულშერი: „ბევრი მოლოდინი იყო, ყველა გამართლდა. რონალდო ფანტასტიკური ბომბარდირია“.

პოგბას 7 ასისტი დაუგროვდა 4 სასტარტო მატჩში – ეს პრემიერლიგის რეკორდია ასეთ მონაკვეთზე.

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მე-600 მატჩი მოიგო. უფრო მეტი მარტო „მანჩესტერს“ აქვს – 690.

“ჩელსის” ლუკაკუმ თავისი პირველი გოლი გაიტანა “სტემფორდ ბრიჯზე” (დუბლი შეასრულა). 28 წლის ბელგიელმა მე-15 მატჩი ჩაატარა ამ სტადიონზე და 22-ე დარტყმით შეაგდო.

ბრუნო ფერნანდეშს სეზონის სტარტზე 4 გოლი აქვს, ის „იუნაიტედის“ ბომბარდირია. მას გრინვუდი და რონალდო მიყვებიან.

გვარდიოლა: „კარგი იქნებოდა, „სიტის“ მეტი გაჰქონდეს, მაგრამ შექმნილი მომენტები მახარებს“.

პრემიერლიგა – IV ტური

კრისტალ პალასი – ტოტენჰემი 3:0
არსენალი – ნორვიჩი 1:0
ბრენტფორდი – ბრაიტონი 0:1
ლესტერი – სიტი 0:1
მანჩესტერი – ნიუკასლი 4:1
საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 0:0
უოტფორდი – ვულვერჰემპტონი 0:2
ჩელსი – ასტონ ვილა 3:0
ლიდსი – ლივერპული 0:3

13 სექტემბერი
ევერტონი – ბარნლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესეც იტანს, ისიც იტანს: ლუდი პირდაპირ მატჩის დროს – IV ტური

უეფას წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ