in

ვასილ ლობჟანიძე: ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს – დროთა განმავლობაში ეს ნაკრების და ქართული რაგბის წინსვლას გამოიწვევს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში, შემოდგომის ტესტსერიის ფარგლებში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრას ბორდო უმასპინძლებს. ჯერჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ, დიდი ალბათობით, შემოდგომაზე “ბორჯღალოსნებს” ფიჯისთან და სამოასთანაც მოუწევთ დაპირისპირება.

ეს მატჩები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან 2023 წლის მუნდიალამდე ორ წელზე ნაკლები დრო რჩება.

საქართველოს ნაკრებში მიმდინარე აქტიურ თაობათა ცვლის პროცესზე, ქართული რაგბის გამოწვევებზე და საკლუბო კარიერაზე სასაუბროდ Sport4me.ge “ბორჯღალოსნების” და ფრანგული “ბრივის” ჰავბეკს ვასილ ლობჟანიძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ვასილ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების შესახებ გკითხავ. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაცილებით მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ისე არ გამოვიდა ყველაფერი რაც გვსურდა. განვლილ მსოფლიო ჩემპიონატს როგორ შეაფასებ?

აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ, მორაგბეებსაც გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა. მხოლოდ შედეგს არ ვგულისხმობ, თამაშის ხარისხიც ვერ ვაჩვენეთ ისეთი, როგორიც გვსურდა. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დადებითად შეფასება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უნდა ვეცადოთ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ.

საქართველოს ნაკრებში, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თაობათა ცვლის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესზე რას იტყვი?

თაობათა ცვლა დროში გაწელილია პროცესია. როდესაც, ერთი თაობა მიდის და მეორე მოდის, გარკვეულწილად ეს ყოველთვის რთულად გადასატანია, მაგრამ მჯერა ეს პროცესი დროთა განმავლობაში საქართველოს ნაკრების და ქართული რაგბის წინსვლას გამოიწვევს. ახალგაზრდა მორაგბეებს ეძლევათ შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე და მაღალი დონის ტესტმატჩებში ითამაშონ, რაც მათ დიდ სარაგბო ცოდნას, გამოცდილებას მისცემს.

შენი, როგორც ნაკრების გამოცდილი მორაგბის აზრი მაინტერესებს პირველ ქართულ პროფესიონალურ ფრანჩიზაზე. შენი აზრით, რას მისცემს ეს ქართულ რაგბის?

როგორც ვიცი, “შავმა ლომმა” უკვე დაიწყო შეკრება. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების გამოცდილ მორაგბეებთან ერთად, ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეები თამაშობენ, რომლებიც ასეთ გამოცდილი მორაგბეების გვერდზე ყოფნისას დიდ გამოცდილებას მიიღებენ, ასევე გამართავენ თამაშებს ევროპულ გუნდებთან. მეტად დახვეწავენ, როგორც შეტევით, ასევე ინდივიდუალურ უნარებს. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, დღეს ჩვენი შიდა ჩემპიონატი არცთუ კარგ დონეზეა და ევროპულ გუნდებთან თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნაკრებში მოხვედრის ახალ მორაგბეს დიდ გუნდებთან ტამაშის კომპლექსი აღარ ექნება.

შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან გამართავს ტესტმატჩს. საფრანგეთის ნაკრებზე რას იტყვი და ეს მატჩი რას მისცემს ჩვენს ნაკრებს?

თამამად ვიტყვი, საფრანგეთის ნაკრები დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც მომავალ მუნდიალზე, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება. ძალიან მაღალი დონი, დაბალანსებული გუნდი. ამ გუნდთან ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ და შევეცადოთ მათთან თამაშისას მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ასეთ გუნდებთან თამაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბევრ რამეს დაგვანახებს, თუ სად გვაქვს სამუშაო.

ახლა, შენს საკლუბო კარიერაზეც გკითხავ. “ბრივზე” რას იტყვი, რა იქნება ამ სეზონში გუნდის მიზანი?

“ბრივში”, უკვე მეექვსე სეზონია ვთამაშობ და სტაბილურად ტოპ 14-ში ვთამაშობთ. გუნდში პროფესიონალური გარემოა შექმნილი, რაც შეეხება მიზანს. ჩემი აზრით, წლევანდელ სეზონში 6-ეულში შესვლა შეგვიძლია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსული ვებგვერდი: კვარაცხელია ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც წინა სეზონში

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ზედიზედ მესამედ მოიგო