in ,

დღეს დინამოს ლეგენდარულ კაპიტანს 66 წელი შეუსრულდა

დღეს თბილისის “დინამოს” ლეგენდარული კაპიტნისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა. ის 66 წლის გახდა.

ალექსანდრე ჩივაძე თბილისის “დინამოს” 1974 წელს შეუერთდა. გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი, იმავე წელს საკავშირო ჩემპიონატში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ ითამაშა. მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე “სპარტაკმა” “დინამო” 1:0 დაამარცხა.

„…თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ „დინამოში“ დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე – ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა!“ – იხსენებდა მოგვიანებით ჩივაძე.

ალექსანდრე ჩივაძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში “დინამოს” მაისური 324 შეხვედრაში მოირგო და 44 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკავშირო თასის გათამაშებას, აქ ჩივაძემ 36 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამის გარდა, ევროპული საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში “დინამოს” ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა. მათ შორის, 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გამართულ თასების თასის ფინალში, როდესაც “დინამომ” იენის “კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას. ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას 1980-87 წლებში იცავდა. 46 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 26 მატჩში ნაკრების კაპიტანი იყო. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველია, რომელმაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს უკაპიტნა. ალექსანდრე ჩივაძემ 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.

ალექსანდრე ჩივაძე ერთხელ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ერთხელ ვიცე-ჩემპიონი (1977), სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი (1976; 1981); საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული (1976; 1979), თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981).
არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980).

1980 წელს ალექსანდრე ჩივაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გახლავთ უეფას ლალის ორდენის კავალერი (2001).

1993-1996 წლებსა და 2001-2003 წლებში ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 1996-ის და ფიფა 2002-ის საკვალიფიკაციო ტურნირებში მესამე ადგილზე გავიდა.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ვიცე-პრეზიდენტი.
წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც.

ალექსანდრე ჩივაძე 1955 წლის 8 აპრილს ქლუხორში დაიბადა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბილბაოს შესაძლოა ევროპა ჩამოართვან: ვერ მოვასწრებთ

ცნობილი გახდა, თუ რაში დასჭირდა რუმინელ მსაჯს ჰაალანდის ავტოგრაფი