in ,

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე სამ პირს 16 წელი მიესაჯა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე სამ პირს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კიდევ ორი არასრულწლოვნის მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, ბრალდებული ხუთი პირიდან სამს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი შაქარაშვილის დედა დაესწრო. სასამართლოსთან იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

განაჩენს აპროტესტებენ და უსამართლოს უწოდებენ მსჯავრდებულის ადვოკატები.

„სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა“, – ამის შესახებ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

„მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ.

არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით, ბრალის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლომ წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილება მიიღო.
მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიოვი ევროპას ჩაამთავრებს და მიდის: 14 წელი ბუნდესნაკრებში

7 თვის ბავშვს მკურნალობის დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან მამამისი აბუსერიძეს უჭერდა მხარს: სიმონ მაისურაძე