in ,

გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის: ამათ რა დაეწევა – XXII ტური

ინგლისში ისეთი თამაში იყო, ყველაფრისთვის თუ არა, საკმაოდ ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. ერთპიროვნულმა ლიდერმა „სიტიმ“ მდევარი „ჩელსი“ მიიღო და ან თავად უნდა გაემყარებინა უპირატესობა, ან ლონდონელებს საჩემპიონი შანსი და ინტრიგა შეენარჩუნებინათ. არც იყო მოსალოდნელი, რომ რომელიმე გუნდი კოლოსალურ უპირატესობას მოიპოვებდა ან უხვგოლიანი თამაში გამოვიდოდა. გამარჯვება კი, მაინც „სიტის“ დარჩა და დამსახურებულადაც. ერთადერთი გოლი დე ბრუინის ინდივიდუალურ ოსტატობას მოყვა – ბელგიელი მარცხნიდან ცენტრში შეიწია და ორ ფეხბურთელს შორის მყოფმა კუთხეში აუღებლად დაურტყა კეპას.

კიდევ უფრო უკეთესი გამოვიდა ბირმინგემის მატჩი. შინდატოვებული რონალდოს (ფეხი ბოლომდე მოირჩინოსო, მწვრთნელმა ასე თქვა) გარეშე მოთამაშე „იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის დუბლით ისე იგებდა, 3 ქულა მიაქვსო იფიქრებდი. მაგრამ მერე ჯერარდმა ახალწვეული კოუტინიო შეუშვა და ინგლისში დაბრუნებულმა ბრაზილიელმა 5 წუთში ჯერ პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა, მერე კი ახლო მანძილიდან ცარიელ კარში თავად გაიტანა გამათანაბრებელი.

აფრიკაში წასული სალაჰისა და მანეს გარეშე “ლივერპულმა”, რომელსაც 3 თამაში არ ჰქონდა მოგებული, როგორც იქნა, მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და ამის გამო მე-2 ადგილზე გადავიდა. მერსისაიდელებს “სიტიზე” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ეს 3 ქულაც რომ მივუთვალოთ, ჩამორჩენა 8-ქულიანი იქნება (ახლა 11-ია). მოკლედ, ცოტა მაინც არ არის. “ჩელსის” კი “სიტი” მთელი 13 ქულით უსწრებს.

მნიშვნელოვანი თამაში წააგო შინ “ვესტ ჰემმა”, რომელსაც ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა, ახლა კი ჰარისონისგან 3 გოლი გაუშვა და 3 ქულაც დაკარგა. ამის მიუხედავად, “ვესტ ჰემი” მე-4 ადგილზე დარჩა, მაგრამ ვაი ასეთ დარჩენას – 2 ქულით უსწრებს “არსენალს”, რომელსაც 2 მატჩი აქვს თადარიგში, 4 ქულით უსწრებს “ტოტენჰემს”, რომელსაც 4 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 5 ქულაშია “მანჩესტერი” (ასევე 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ნათამაშები), რომელსაც ეთამაშება კიდეც გასვლაზე მომდევნო ჯერზე. მოკლედ, “ვესტ ჰემის” მე-4 ადგილი უფრო ეფემერულია.

სამწუხაროდ, არ შედგა გამორჩეული ლონდონური დერბი: „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ ბლომად მიზეზები დაუგროვდათ, რომ არ ეთამაშათ – კოვიდი, ტრავმები და აფრიკის თასზე ფეხბურთელების გადინება. ისე, კონტე ბრაზობდა, თამაში მინდაო.

და კიდევ ერთი: ცუდად არის „ევერტონის“ საქმეები. ლივერპულის მეორე გუნდი მე-15 ადგილამდე ჩავიდა. ახლა აუტსაიდერთაგან „ნორვიჩთანაც“ წააგო, ბოლო 13 ტურში 9 წაგება მოუგროვდა და შედეგიც სახეზეა – კლუბმა მწვრთნელი რაფა ბენიტესი გაუშვა.

„მანჩესტერმა“ რანგნიკის ხელში 8-დან 4 მატჩი მოიგო. დანარჩენი 4-დან 3 ფრეა.

კოუტინიომ გაიტანა და საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო 4.5 წუთში, როდესაც შეცვლაზე შევიდა 0:2-ზე.

ბრუნო: „მანჩესტერი“ მეტს იმსახურებდა, მაგრამ საჭიროა არა დამსახურება, არამედ ქულების მოგროვება“.

რანგნიკი: „ეს წაგებას ჰგავს – გაწბილებული ვარ“.

ჯერარდი: „ასტონ ვილამ“ უნარიანი მოთამაშე აიყვანა. კარგი დასაწყისია“.

კოუტინიო: „კარგი დასაწყისი. მენატრებოდა პრემიერლიგა“.

„სიტიმ“ მოიგო ზედიზედ 12 მატჩი პრემიერლიგაში.

„ჩელსიმ“ პირველად წააგო 4 დეკემბრის შემდეგ – შეწყდა 11-მატჩიანი სერია.

„ჩელსიმ“ ერთხელ დაარტყა „სიტის“ კარში.

გვარდიოლა: „ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს 180 წუთში „სიტისთან“ მარტო 1 დარტყმა აქვს კარში.
არ არის საჭირო ელოდო, რომ „სიტის“ 10-12 მომენტი ექნება ჩემპიონთა ლიგის მომგებთან“.

ტუხელი: „ვერავინ დაეწევა „სიტის“, თუ ისინი ყველა მატჩის მოგებას გააგრძელებენ. „ჩელსიმ“ ფრე დაიმსახურა“.

პრემიერლიგა – XXII ტური

ბრაიტონი – კრისტალ პალასი 1:1
სიტი – ჩელსი 1:0
ბარნლი – ლესტერი გადაიდო
ნიუკასლი – უოტფორდი 1:1
ნორვიჩი – ევერტონი 2:1
ვულვერჰემპტონი – საუთჰემპტონი 3:1
ასტონ ვილა – მანჩესტერი 2:2
ლივერპული – ბრენტფორდი 3:0
ვესტ ჰემი – ლიდსი 2:3
ტოტენჰემი – არსენალი გადაიდო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩი გამოაბუნძულეს: ავსტრალიამ ნოვაკს ჩაუკეტა და ქვეყნიდან აგდებს

ფინალში რუსი დაამარცხა: სანდრო ბაზაძის ისტორიული ოქრო