საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2023 წლის საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გამართა და რუმინეთს 1:1 ეთამაშა. მოგეხსენებათ, 2023 წლის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს სწორედ რუმინეთი-საქართველო მასპინძლობს და სწორედ ამიტომ ეს გუნდები შესარჩევ ციკლში მონაწილეობას არ იღებენ. მათ, ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვთ.
საქართველოსა და რუმინეთის მატჩი ქართველი ფეხბურთელებისთვის ცუდად დაიწყო და რუმინელები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რამაზ სვანიძის გუნდმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდი მეტოქეს პირწმინდად ჯობდა და ეს გარჯა დაფასდა კიდეც. მატჩის 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა ეფექტური დარტყმით აიღო რუმინელთა კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რამაზ სვანაძე:
“საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ჩემი აზრით ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და შეგვეძლო ეს შეხვედრა გამარჯვებით დაგვესრულებინა.
მთავარი ამ ეტაპზე, შედეგთან ერთად არის სელექცია – გვყავდა რამდენიმე დებიუტანტი და რა თქმა უნდა ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება – 2023-ში მომზადებული შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს.
გიორგი გულიაშვილი:
“მეტოქე გუნდიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მართლაც დაძაბული მატჩი გამოვიდა – ვაგებდით, თუმცა შემდეგ შევძელით და გავთანაბრეთ, მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება მოგვეპოვებინა.
U21 | რუმინეთი 1:1 საქართველო
ანგელ იორდანესკუ, ვოლუნტარი
საქართველო: მეგრელიშვილი – გელაშვილი, კალანდაძე, ჯინჯოლავა, კაპანაძე (ინჯგია – 86), ხარაბაძე – ნონიკაშვილი (გაგნიძე – 64), მექვაბიშვილი, გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი – 79), მოისწრაფიშვილი (ლომთაძე – 79) – გაგუა.
გოლები: სტოიცა (16), გულიაშვილი (73)
GIPHY App Key not set. Please check settings